კლდიაშვილი სერგო დავითის ძე [6 (18). X. 1893, სოფ. ზედა სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 14. X. 1986, თბილისი], მწერალი. დ. კლდიაშვილის ვაჟი. 1913 დაამთავრა ქუთ. გიმნაზია. I მსოფლიო ომის წლებში ერთხანს (1915–16) თან ახლდა მამას თურქ. ფრონტზე. ომის შემდეგ სწავლობდა მოსკ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. აქ მოუსწრო 1917 თებერვლის რევოლუციამ. ამავე წლის დასასრულს დაბრუნდა საქართველოში. მისი პირველი პროზაული მინიატიურები დაიბეჭდა 1911 თბილისის გაზ. „სინათლეში“. 1916-იდან იყო „ცისფერყანწელთა“ ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტ. წევრი. კ. ავტორია რომანებისა: „ფერფლი“ (1932) და „მყუდრო სავანე“ (1963), რ-ებიც ყურადღებას იქცევენ ღრმა ფსიქოლოგიური სიმართლითა და ყოფის შესანიშნავი ასახვით.
კ. ნოველის ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული ოსტატია. მრავალფეროვანია მისი ჰუმანური ნოველების თემატიკა, რ-იც მოიცავს საქართვ. აწმყოსა და წარსულს. მწერლის ყურადღების ცენტრშია ადამიანი – შემოქმედი, ადამიანი – პატრიოტი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი ნოველები: „ჭინკა ბიჭები“, „ობროდი“, „გორგასლის თასი“, „შემოდგომის წვიმა“, „სერაფიტი“, ციკლი „სვანური მოთხრობებისა“ და სხვ. კ-ისათვის დამახასიათებელი მსუბუქი და ლაღი იუმორი მსჭვალავს ვრცელ სათავგადასავლო მოთხრობას „აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი“.
კ-მა დიდი ამაგი დასდო ქართ. დრამატურგიას. მისი პიესები („გმირთა თაობა“, 1937; „ირმის ხევი“, 1944; „დაბრუნება“, 1952) წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენებზე. კ-ის ვრცელი მოგონებები ეძღვნება ქართვ. კლასიკოსებსა (ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, დ. კლდიაშვილი და სხვ.) და თანამედროვე ლიტერატორებს (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, ს. ცირეკიძე და სხვ.). კ-ის თხზულებანი მრავალგზის გამოიცა ცალკე წიგნებად. თარგმნილია რუს., სომხ., უკრ., აზერბ., პოლ., ჩეხ., ფრანგ., ინგლ., გერმ. და სხვ. ენებზე.
კ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: თხზულებათა კრებული ოთხ ტომად, თბ., 1971–78; უბის წიგნაკი, თბ., 2000; პაოლოს უკანასკნელი დღე, «საქართველოს რესპუბლიკა», 2010, №62.
ლიტ.: ასათიანი გ., სერგო კლდიაშვილი, ტ. 3, თბ., 2002, ავალიანი ლ., „უჩინო“ ჩინებული მწერალი: სერგო კლდიაშვილი 120, მწიგნობარი ალმანახი, თბ., 2013; №13; დვალიშვილი ლ., სერგო კლდიაშვილის ოპოზიციური თხზულებები, ქუთ. აკ. წერეთლის სახ. უნ-ტი: ჰუმანიტ. ფაკ-ტის პერიოდ. სამეცნ. ჟურნ. 2007, ტ. 9; იაშვილი თ., სერგო კლდიაშვილის ადრინდელი პროზა, «მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია», 1990, №3; ნადირაძე კ., რაც ლექსად ვერ ვთქვი (მოგონებები), „ლიტერატურული პალიტრა“, 2013, №5.
გ. ნატროშვილი