კლდისდუმა

კლდისდუმა

კლდისდუმა (Sedum), მცენარეთა გვარი მსუქანასებრთა ოჯახისა. ბალახები, ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აქვს წვნიანი და ხორცოვანი ფოთლები. 500-მდე სახეობა იზრდება ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, უმეტესად ევრაზიაში, რამდენიმე – სამხრ. აფრიკასა და სამხრ. ამერიკაში.

საქართველოში 15-მდე სახეობაა. მათი უმეტესობა სუბალპურ და ალპური სარტყლის ქვიან და კლდოვან ადგილებზე იზრდება. ხშირად გვხვდება მწვავე ფუნთუშა (S. acre), რ-იც პატარა და ფხვიერ კორდებს ქმნის. იგი თაფლოვანია, მისი ფოთლების წვენი კანს წვავს და აწითლებს. გვხვდება აგრეთვე კავკასიური კ. (S. caucasicum), ფუნთუშა (S. pallidum), მსუქანა (S. stoloniferum) და სხვ. კ-ს მრავალი სახეობა დეკორატიულია. აშენებენ ბაღებში, ზოგს – ოთახებსა და ორანჟერეებში. იყენებენ კლდოვანი და ქვიანი ადგილების გასამწვანებლად.