კლდისუბანი, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ამბროლაურის მუნიციპალიტეში (სადმელის თემი), ლეჩხუმის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ. რიცეულის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 600 მ, ამბროლაურიდან 7 კმ. 205 მცხ. (2014). სოფელში არის ღვთისმშობლისა და „ციხის“ წმ. გიორგის ეკლესიები.
ღვთისმშობლის ეკლესია გარედან წააგავს სამნავიან ბაზილიკას, შიგნით კი აერთიანებს სამ შენობას: ერთ დიდ ეკლესიას, პატარა ეკლესიას და გალერეას (გრძელი შენობა). სამივე მათგანი ორგანულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ყველა ნაგებია შირიმის თლილი ქვითა და კირით, თაღები ქვიტკირისაა.
დიდი ეკლესია ერთნავიანი ნაგებობაა სამი კარით და ორი სარკმლით (აღმ. და დას. მხარეს). საკურთხევლის შუაში დგას ტრაპეზი, ჩრდ–ით და სამხრ–ით კი ორი დიდი თახჩაა. ამათგან ერთი სამკვეთლო უნდა ყოფილიყო, მეორე კი – სალარო.
პატარა ეკლესიაც ერთნავიანი შენობაა. აქვს ორი კარი (ერთი გადის დიდ ეკლესიაში), 2 სარკმელი (აღმ. და დას.) და ქვიტკირის კანკელი, კარნიზებად კი – ჩუქურთმით შემკული მოთეთრო ქვა. საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული.
გალერიიდან შემორჩენილია აღმ. ნაწილი. კარი დას-იდან და სამხრ-იდან აქვს.
„ციხის“ წმ. გიორგის ეკლესია დგას კლდის წვერზე, სოფლიდან 1 კმ დაშორებით. გზა ჩრდ.-დას-იდან შეუდის. ერთნავიანი შენობა ნაგებია შირიმის თლილი ქვითა და კირით. კარი სამხრ-ით და დას-ით აქვს. ტრაპეზი კიდეზეა მიდგმული. სავარაუდოდ, აქედან მომდინარეობს მისი სახელი „ციხისა“.
ლიტ.: ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994.
თ. ბერაძე
მ. დვალი