კლდის ხუროთმოძღვრება, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, სოფლები, ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები. კ. ხ. გვხვდება მრავალ ქვეყანაში (თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ეგვიპტე და სხვ.). გამოქვაბულები ნაკვეთია მთის რბილ ქანებში (ქვიშაქვა, კირქვა და სხვ.). ძირითადად საცხოვრებელი, საკულტო ან სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა. ჩვეულებრივ კ. ხ-ში შედიოდა მიწის ზემოთ განლაგებული ნაგებობებიც.
საქართველოში კ. ხ-ის საუკეთესო ნიმუშია კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე (ძვ. წ. I ს. – ახ. წ. XI ს.), დავითგარეჯა (კლდეში ნაკვეთი მონასტრები; VI–XIX სს.), ვარძია (კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი; XII–XIII სს.), ვანის ქვაბები (გამოქვაბულთა კომპლექსი; VIII–XVI სს.) და სხვ.