კლემენტი (Clemens), რომის თოთხმეტი პაპის სახელი I ს-იდან XVIII ს-მდე. რომის ეკლესიის ურთიერთობა საქართველოსთანდაიწყო პაპმა კლემენტ V-მ (1308– 14). მან საქართველოში გამოგზავნა მრავალი ფრანცისკელი და დომინიკელი მისიონერი, რ-თა მიზანიც ქართ. ეკლესიის რომის ეკლესიასთან შეერთება იყო. 1349 პაპმა კლემენტ VI-მ (1342–52) თბილისში ეპისკოპოსად ბერტრანდო კოლეტი დანიშნა.
1595 ქართლის მეფე სიმონ I-მა წერილი მისწერა პაპ კლემენტ VIII-ს (1592–1605), რ-საც ანტიოსმალური კოალიციის შექმნის შესახებ აცნობა და მას „სულიერი მამა და რომის უდიდესი პაპი“ უწოდა. წერილის ბოლოს სიმონ მეფე წერდა: „აწ ყოვლად უწმიდესო ბატონო, რადგან ყველა ქრისტიანის თავი ხართ და ყველაფერი თქვენს ხელშია, მიეცით ძალა ქრისტიან ერთა და დაიხსენით“. პაპი საპასუხო წერილში, რ-იც 1598 წ. 1 აპრილსაა დაწერილი, სიმონ მეფეს სწერდა: „როგორც კათოლიკური ხელმწიფე, ვუძღვნი თავმდაბლობას შენს პატივს და მორჩილებას ღმერთის პატივისცემისა და ნეტარი პეტრეს დიდებისათვის“. 1598 კლემენტ VIII-მ წერილი საქართვ. პატრიარქსაც გაუგზავნა, რ-საც დიდი თავმდაბლობით აუწყებდა, რომ მეთაურობდა რა მსოფლიო ეკლესიას, ცდილობდა ერთად შეეკრიბა ყველა ერთმორწმუნე პატრიარქი და ეპისკოპოსი, რათა ისინი რომის ეკლესიის გარშემო დაერაზმა. პაპი მადლობას უხდიდა პატრიარქს კათოლიკური სარწმუნოების ერთგულების გამო. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს როგორც ქრისტიანულ ქვეყანას აღმოსავლეთში და დახმარებას აღუთქვამდა.
1675 საქართველოში მყოფმა კაპუცინელთა ორდენის მისიონერებმა მატერ. დახმარებისათვის მიმართეს პაპ კლემენტ X-ს (1670– 76). ამის თაობაზე პაპს წერილი ქართლის მეფე, ვახტანგ V შაჰნავაზმაც გაუგზავნა.
1708 რომის პაპ კლემენტ XI-ს (1700–21) კათოლიკოსმა დომენტიმ მისწერა წერილი, რ-შიც იგი ქვეშევრდომობის სურვილს გამოთქვამდა და პაპს ქრისტეს მონაცვლესა და სამოციქულო ეკლესიის მეთაურს უწოდებდა. კლემენტ XI-ს უკავშირდება ს.-ს. ორბელიანის მოღვაწეობის ერთი პერიოდიც. პაპისადმი მიწერილ წერილში (1707 წ. 13 აგვ.) საბა ევედრება რომის ეკლესიის მეთაურს, „რათა ცოდვათა ჩვენთა სიმრავლითა აღხოცად ევედროს ღმერთსა და წმინდა კურთხევა მათი მოგვფინოს და ლოცვა ყოს ჩვენ უღირსთათვის, რათა სიმტკიცით ვეგნეთ მართალსა სარწმუნოებასა ზედა შეურყევლად“. 1714 ს.-ს. ორბელიანმა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან შესახვედრად შუამდგომლობისათვის კლემენტ XI-ს მიმართა. პაპმა დაუყოვნებლივ შეასრულა მისი თხოვნა და იმავე წლის 14 აპრილს საფრანგეთის მეფეს წერილი მისწერა, რათა ყოველმხრივ დახმარებოდა ქართველ ელჩს. 1714 წ. 29 ივნისს ს.-ს. ორბელიანი რომში ჩავიდა. 5 ივნისს პაპმა განსაკუთრებული პატივით მიიღო იგი და ოქროს მედლით დაასაჩუქრა. 29 ივლისს კლემენტ XI-მ ლუი XIV-ს წერილი მისწერა ვახტანგ VI-ისათვის დახმარების თაობაზე. პაპი მეფეს სწერდა: „მოიმოქმედე, რასაც საუკეთესოდ და სასარგებლოდ მიიჩნევდე ვახტანგ მეფის ირანის ტყვეობიდან უსწრაფესი გათავისუფლებისათვის“. იმავე წლის 17 აგვისტოს პაპმა იმედით აღსავსე წერილი გაუგზავნა „აზიის იბერიის უძლიერეს მეფე ვახტანგს“. იგი უწონებდა ტყვე მეფეს ქრისტიანობაში სიმტკიცესა და კათოლიკე მისიონერთა მფარველობას; „ამიტომაც ჩვენც არაფერი დავზოგეთ, ყოველი ღონე ვიხმარეთ, რათა თქვენ მალე გათავისუფლება და თქვენს სამეფოში დაბრუნება გეღირსოთ“, – წერდა პაპი.
XVIII ს. 60-იან წლებში თბილისში კაპუცინელ მისიონერთა მოღვაწეობა განახლდა. ამასთან დაკავშირებით 1763 წ. 16 აპრილს პაპმა კლემენტ XIII-მ (1758–69) წერილი მისწერა ერეკლე II-ს, რ-შიც კათოლიკეთა მიმართ თანადგომას სთხოვდა. ერეკლემ აღადგინა გორის მისიონი და კათოლიკეებს ეკლესიის ასაშენებლად ადგილიც გამოუყო, რის გამოც პაპი 1769 წ. 28 აგვ. გამოგზავნილი წერილით გულითად მადლობას უხდიდა ერეკლეს მისიონერების მფარველობის გამო და იმედს გამოთქვამდა, რომ მეფე კვლავაც დაიფარავდა კათოლიკე მოღვაწეებს და მათ შემწეობას არ მოაკლებდა.
ლიტ.: თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ. 1902; მისივე, წერილები, თბ., 1984; პაპაშვილი მ., საქართველო-რომის ურთიერთობა, თბ., 1995; ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, წგ.1, თბ., 1984.
ზ. ეკალაძე