კლიმატოლოგია სამედიცინო

კლიმატოლოგია სამედიცინო, მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის კლიმატური და ამინდის ფაქტორების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე და მათი გამოყენების მეთოდებს სამკურნ.- პროფილაქტიკური მიზნით. სამედიცინო კ. მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ დისციპლინებთან, როგორიცაა კლიმატოლოგია – ჰავის (კლიმატის) შემსწავლელი მეცნიერება, მეტეოროლოგია, სამედიცინო გეოგრაფია, კლიმატოფიზიოლოგია, მეტეო- და კლიმატოპათოლოგია და სხვ.

ცოცხალ ორგანიზმზე კლიმატის გავლენა დამოკიდებულია მეტეოროლ. ფაქტორებზე, როგორიცაა ჰაერის ტემპ-რა, ტენიანობა, ატმოსფერული წნევა, ღრუბლიანობა, მზის რადიაციის ინტენსივობა, ქარი, ნალექები, ატმოსფეროს ელექტროობა და სხვ. თითოეული ფაქტორი თავისებურ ფიზიოლ. გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ, ჩვეულებრივ, ორგანიზმის ცალკეული ფუნქციები დამოკიდებულია ამინდის რამდენიმე ფაქტორის ერთობლივ მოქმედებაზე. ორგანიზმზე კლიმატის მოქმედებას შეისწავლის კლიმატოფიზიოლოგია, რ-იც დიდ ყურადღებას უთმობს ადაპტაციისა და აკლიმატიზაციის საკითხებს, ზღვის, მთის, უდაბნოსა და სხვ. კლიმატის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე; დღეღამური და სეზონური ბიორიტმების თავისებურებებს და სხვ. სასარგებლო კლიმატური პირობებით გამორჩეულ ადგილებს კლიმატოთერაპიისათვის იყენებენ.

ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილ პათოლ. ძვრებს, რ-ებიც გამოწვეულია არაკომფორტული ამინდის გავლენით, შეისწავლის მეტეოპათოლოგია. დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმში თვალსაჩინოდ გამოხატული პათოლ. რეაქციები ვითარდება ე. წ. ფრონტალური ატმოსფერული პროცესების გავლენით, რასაც დაერთვის ყველა მეტეოროლოგიური ფაქტორის მკვეთრი ცვალებადობა. რაც უფრო კონტრასტულია ეს ცვალებადობა, მით უფრო მკაფიოდაა გამოხატული ორგანიზმის პათოლოგიური რეაქციები. დისკომფორტული ამინდისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ავადმყოფები, რ-ებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ ხშირად უვითარდებათ არაერთი გართულება სტენოკარდიის, ჰიპერტონიული კრიზის, ინსულტისა და სხვათა სახით. გეოგრაფიული ზონების ბიოკლიმატური ძვრების შესწავლამ შესაძლებელი გახადა სხვადასხვა კლიმატოპროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება სეზონური და არახელსაყრელი კლიმატური პირობების შედეგად განვითარებული დაავადებების გართულებათა თავიდან ასაცილებლად.

საქართველოში სამედიცინო კ-ის დარგში სამეცნ. მუშაობა ფართოდ იყო გაშლილი კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, სადაც შეისწავლეს საქართვ. კურორტების კლიმატური თავისებურებები, შეიმუშავეს ამინდისა და კლიმატის სამედ. შეფასების მეთოდები და კლასიფიკაცია, ადამიანის ორგანიზმზე მთისა და ზღვის ჰაერის მოქმედების თავისებურებანი, კლიმ. მკურნალობის მეთოდები და სხვ.

გ. უშვერიძე