კლინიკური ფსიქოლოგია (სამედიცინო ფსიქოლოგია), ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის დაავადებისა და მკურნალობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. კ. ფ. მრავალ დარგს მოიცავს, რ-იც ზოგად და კერძო კ. ფ-ში ერთიანდება. ზოგადი კ. ფ. იკვლევს ფსიქიკურ და სომატურ დარღვევათა ზოგად თავისებურებებსა და მიზეზებს, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობებს, ფსიქოჰიგიენის, ფსიქოპროფილაქტიკის, სამედ. დეანტოლოგიისა და სხვა მსგავს საკითხებს. კერძო კ. ფ-ში განიხილება გარკვეული პრობლემები, რ-თაგან მრავალს ცალკეული დარგი (პათოფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგია, ფსიქოსომატური მედიცინა, ფსიქოფარმაკოლოგია, სპეც. ფსიქოლოგია, კლინ. ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოთერაპია, ფსიქოკონსულტაცია) შეისწავლის.
კ. ფ. ფსიქოლ. მეცნიერებისა და ფსიქოლ. პრაქტიკის დარგია. მკვლევრები სწავლობენ ზოგად და კერძო კ. ფ-ში არსებულ პრობლემებს, ერთმანეთს ადარებენ ამა თუ იმ დაავადების მქონე პირთა ფსიქოლ. კანონზომიერებებს და ჯანმრთელთა ფსიქიკას. პრაქტიკოსი კლინიკური ფსიქოლოგები კი მუშაობენ კონკრეტულ პაციენტთან ‒ ადგენენ განცდებისა და ქცევის თავისებურებებს, ფსიქ. განვითარების შეფერხების ხარისხს, ფსიქ. აშლილობის ფსიქოდიაგნოსტიკისთვის იყენებენ ფსიქოთერაპიის მეთოდებს, ატარებენ ფსიქ. და ფსიქოსომატური დაავადების ფსიქოპროფილაქტიკას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, არეგულირებენ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას, უწევენ ფსიქოლ. კონსულტაციას ავადმყოფს, მის გარემოცვას და ა.შ.
კ. ფ-ის ისტორია, თუ მასში პრაქტიკასაც ვიგულისხმებთ, კაცობრიობის ასაკისაა. არქაული შამანური მედიცინა თუ შელოცვითი მკურნალობა ფსიქოლ. ზემოქმედებას ეფუძნებოდა. კ. ფ-ის ელემენტები ჭარბადაა მოცემული ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის ისტორიაში. ამ დარგის სათავეებთან იდგნენ თ. რიბო, ჟ. მ. შარკო, პ. ჟანე, ვ. ბეხტერევი და სხვა. ფსიქოთერაპიის საყოველთაო გავრცელებას ბიძგი მისცა ზ. ფროიდმა, ტერმინი კი 1907 შემოიტანა ამერ. ფსიქოლოგმა ლ. უიტმერმა.
კ. ფ. საქართველოში ფსიქოლ. და სამედ. მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ ჩამოყალიბდა. ფსიქიატრიისა (შეიქმნა 1925) და ფუნქციურ-ნერვულ დაავადებათა (შეიქმნა 1930) ინ-ტებში ინტენსიურად იყენებდნენ იმ დროისთვის ცნობილ ძირითად ფსიქოთერაპიულ მეთოდებს. ქართული ფსიქოლ. სკოლის ფუძემდებლის, დ. უზნაძის თაოსნობით საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში 1943 დაარსდა ფსიქოლოგიის ინ-ტი, სადაც მაშინვე დაიწყო ფუნქციონირება პათოფსიქოლოგიის განყ-ბამ (ხელმძღვ. ი. ბჟალავა, შემდგომში – მ. საყვარელიძე). მოგვიანებით მას სამედ. ფსიქოლოგიის განყ-ბა ეწოდა. დ. უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის საფუძველზე წარმართულმა ხანგრძლივმა კვლევამ გამოავლინა მყარი კავშირი სულიერი აშლილობის სხვადასხვა სახეობასა (შიზოფრენია, ეპილეფსია, ისტერია, ფსიქასთენია) და ადამიანის განწყობისეულ ტიპს შორის. შემდგომში ეს კვლევა ფსიქოსომატურ დაავადებებზე გავრცელდა (ა. გრიგოლავა). საზოგადოდ, ბევრი რამ გაკეთდა ფსიქ. გადახრების განწყობისეული გააზრების თვალსაზრისით (მ. ბარკალაია, თ. ბჟალავა, ე. გერსამია, ე. ვაჩნაძე, თ. იოსებაძე, ნ. ელიავა, ვ. ნორაკიძე, ქ. მაყაშვილი, ქ. მდივანი, გ. მერაბიშვილი, დ. ნადირაშვილი, რ. საყვარელიძე, კ. ცინცაძე, მ. ყოლბაია, ზ. ჯაფარიძე). II მსოფლიო ომის წლებში, თავის ტვინის დაზიანებათა მკურნალობის ამოცანიდან გამომდინარე, ი. ბჟალავას ხელმძღვანელობით დაიწყო ნეიროფსიქოლოგიური კვლევა, რ-იც მომდევნო წლებშიც გაგრძელდა (მ. გაბაშვილი, თ. გაგოშიძე, რ. მხეიძე, მ. საყვარელიძე). ამჟამად ფსიქოლოგები მუშაობენ ქვეყნის მრავალ კლინიკაში, ამასთან სულ უფრო პოპულარული ხდება კერძო ფსიქოთერაპიული მომსახურება.
ლიტ.: ბჟალავა ი., პათოფსიქოლოგიური მუშაობის ძირითადი შედეგები და პერსპექტივები, „მაცნე“,1971, №1; იმედაძე ი., ფსიქოლოგია, თბ., 2019; უზნაძე დ., განწყობის ფსიქოლოგია, თბ., 2004; Клиническая психология. СПб, 2011; Медицинская психология, ред. М.А. Сакварелидзе, Тб., 1983; Plante T., Contemporary Clinical Psychology. N. Y.; The Oxford Handbook of Clinical Psychology. N. Y., 2014.
ი. იმედაძე