კობაიძე (კაბაიძე) ვლადიმერ პავლეს ძე (24.I. 1924, სოფ. ჩირიკი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 18.IX. 1998, ივანოვო, რუსეთი), ჩარხმშენებელი, სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1978), II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. სოც. შრომის გმირი (1985). 1952 დაამთავრა მოსკოვის ჩარხმშენებლობის ინ-ტი და მუშაობა დაიწყო ქ. რიაზანის ჩარხსაშენებელ ქ-ნაში ინჟინრად. 1970–76 იყო ქ. ივანოვოს ჩარხსაშენებელი საწარმოო გაერთიანების დირექტორი, 1976-იდან – გენ. დირექტორი, 1985-იდან – ბულგარეთისა და ქ. ივანოვოს ერთობლივი ჩარხსაშენებელი საწარმოო გაერთიანების გენ. დირექტორი. 1978 კ-ის ხელმძღვანელობით იმავე საწარმოში შეიქმნა მრავალპროფილიანი ჩარხი – ე. წ. „დამამუშავებელი ცენტრი“, რისთვისაც სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია. ამ ჩარხმა იმავე წელს იტალიაში გამართულ გამოფენაზე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. კ-მ შექმნა ამ ტიპის ჩარხის 35 სახესხვაობა, რ-ებიც წარმატებით იყიდებოდა მსოფლიოს 43 ქვეყანაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ლენინის ორდენი (1981, 1986).