კობალაძე ანდრო ალექსანდრეს ძე

ა. კობალაძე

კობალაძე ანდრო ალექსანდრეს ძე (15. III. 1920, სოფ. ფერეთა, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 1984), კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1958). 1941 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი. 1938–41, 1945–48 მუშაობდა რუსთაველის, 1941–45 – ქუთაისის თეატრებში. 1948-იდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მეორე კურსის სტუდენტმა ითამაშა სტალინის როლი სპექტაკლებში შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“ და ნ. პოგოდინის „თოფიანი კაცი“. მას შემდეგ 35 წლის განმავლობაში ასრულებდა ამ როლს სცენაზე და სხვადასხვა სტუდიის ფილმებში „იაკობ სვერდლოვი“ (რეჟ. ს. იუტკევიჩი, 1940, რუს.), „ქალის ტვირთი“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1957), „მარადისობის ელჩები“ (რეჟ. თ. ვულფოვიჩი, 1971, რუს.), „ცეცხლის დამორჩილება“ (რეჟ. დ. ხრაბროვიცკი, 1972, რუს.), სერიალში „გაზაფხულის 17 გაელვება“ (რეჟ. ტ. ლიოზნოვა, 1973, რუს.), „ალი“ (რეჟ. ვ. ჩეტვერიკოვი, 1974, ბელარუსი) და სხვ. გადაღებულია ფილმებში „აკაკის აკვანი“ (რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1947), „ქეთო და კოტე“ (რეჟ-ები ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1948), „დიდოსტატის მარჯვენა“ (რეჟ-ები ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970) და სხვ. თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია სტალინი (გ. ბერძენიშვილის „დაჭრილი არწივი“), ერეკლე, საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), კოტე, ზაქარია (ა. ცაგარლის „ხანუმა“). სევასტი, მეფე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კახაბერის ხმალი“), ბენვოლიო, საფრანგეთის მეფე, პრინცი ორსინო, ჰერცოგი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეფე ლირი“, „ანტონიო და კლეოპატრა“, „მეთორმეტე ღამე“), სამსონი (ჯ. ქარჩხაძის „დევიძეების ოჯახი“), ეგეოსი (ევრიპიდეს „მედეა“) კვინდო ბარეცი (ედუარდო დე ფილიპოს „კომედიის ხელოვნება“) და სხვ.