კობალაძე ფატმა მურადის ასული (2. XI. 1927, ბათუმი, – 21. VIII. 2014, იქვე), მოცეკვავე, აჭარის არ დამს. არტისტი (1948), საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1939 დაამთავრა ბათუმის ქორეოგრ. სასწავლებელი. 1944–79 იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე (ქორეოგრაფი – ე. ხაბაძე). კ-მ სამ ათეულ წელზე მეტხანს იმუშავა ამ ანსამბლში, რამაც განაპირობა კიდეც მისი წარმატება. შესრულებული ცეკვებიდან აღსანიშნავია ,,განდაგანა“, ,,ყაზბეგური“, ,,ჩაკუნა“, ,,წყაროსთან“, ,,თებრონე მიდის წყალზედა“, ,,ნეტავი გოგოვ მე და შენ“, ,,ოსური“, ,,ლაზური“ და სხვ. წარმატებით ასრულებდა აგრეთვე რუსულ, აზერბაიჯანულ, ესპანურ, მოლდავურ, ბულგარულ და სხვა ხალხთა ცეკვებს. კ. გამოირჩეოდა პროფ. ოსტატობით, ფაქიზი გემოვნებით, ეროვნული კოლორიტის გრძნობით. ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. თეატრის წინ გაიხსნა კ-ის ვარსკვლავი (2011). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998), მ. აბაშიძის სახ. პრემია (2004).
ლიტ.: სუხიშვილი გ., ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი, თბ., 1988. კომახიძე თ., „კობალაძე ფატმა“, წგ: აჭარის კულტურის ისტორია“, ბათ., 1999.