კობახიძე ბადრი პეტრეს ძე (8. VI. 1926, ქ. სოხუმი, – 1. IX. 1988, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი, საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1948 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი, 1963 – ამავე ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1948-იდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში მსახიობად, 1954-იდან – თეატრ. ინ-ტში სასცენო მეტყველებისა და სამსახიობო ოსტატობის პედაგოგად, 1974–80 და 1983-იდან გარდაცვალებამდე – საქართვ. თეატრ. საზ-ბის პრეზიდიუმის თავ-რის პირველ მოადგილედ.
კ-ს შესრულებული აქვს 100-ზე მეტი როლი, მ. შ. აღსანიშნავია: მგზავრი (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ბემი (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“), გეგელა (მ. ჯაფარიძის ,,ჩვენებურები“), ოსიკო (დ. კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“), გიგოლო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ველიმირი (ბ. ნუშიჩის „ფილოსოფიის დოქტორი“), ვაცლავ კრალი (პ. კოჰოუტის ,,როცა ასეთი სიყვარულია“), პერისი (ა. მილერის „სეილემის პროცესი“), რიბენტროპი (მ. კვესელავას „ას ერგასის დღე“) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: ,,ოთარაანთ ქვრივი“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1957), ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (რეჟ. ს. დოლიძე. 1959), ,,მაია წყნეთელი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1959), ,,კეთილი ადამიანები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1961), ,,ბაკულას ღორები“ (რეჟ. ა. რაჭველიშვილი, 1976) და სხვ. რუსთაველის თეატრში დადგა რ. ნეშის „წვიმის გამყიდველი“, ი. შტოკის „ღვთაებრივი კომედია“, ა. ჩხაიძის „დაბრუნება“ და „სამიდან ექვსამდე“, რისთვისაც მიენიჭა საქართვ. სახელმწიფო პრემია (1983). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.