კობახიძე გივი ალექსანდრეს ძე (12. VII. 1919, თბილისი, – 23. III. 1998, ვაშინგტონი), ლიტერატორი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოეტი, რედაქტორ-გამომცემელი. 1941 დაამთავრა თსსი. იმავე წელს გაიწვიეს II მსოფლიო ომში. 2 წელი გერმანელთა ტყვეობაში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბერლინის თერაპიულ კლინიკაში, პარალელურად თანამშრომლობდა ქართული ჟურნალების (,,ქართველი ერი“, ,,საქართველო“) რედაქციებთან. ომის დამთავრების შემდეგ ლექციებს კითხულობდა მიუნხენის უნ-ტში. იქვე შეხვდა მ. წერეთელს. 1948 მან კ. სალიას, გ. რობაქიძესა და მ. წერეთელთან ერთად დააარსა ჟურნ. ,,ბედი ქართლისა“, რ-შიც ბეჭდავდა ლექსებს, კრიტ. წერილებს ქართ. მწერლობის საკითხებზე. 1949 მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადასახლდა. 1952 კ-მ ნიუ-იორკში (სხვებთან ერთად) საფუძველი ჩაუყარა ,,ქართველთა დემოკრატიულ კავშირს“ (შემდეგ ,,საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის ამერიკული საბჭო“). იქვე ქართ. ჟურნალებში (,,ცნობის ფურცელი“ და ,,ჩვენი გზა“) იბეჭდებოდა მისი ლიტ.-პუბლიც. ხასიათის წერილები. 1955–56 გამოსცემდა საკუთარ გაზ. ,,ქართველ ერს“, რ-იც 1957 ჟურნალად გადააკეთა (,,კრებული“). მისი ფსევდონიმებია გივი შაორელი და გორდა მახვილაძე. სხვადასხვა დროს კ. ქართ. ენას ასწავლიდა ცნობილ ქართველოლოგებს დ. ლანგს, კ. ბრეითვეითს, დ. ჰოლისკს.
კ. იყო არქეოლოგიური და ჯონ ჰოპკინსის სახ. მედიცინის ისტორიის ინ-ტების, ფორდამის (ნიუ-იორკი) სამედ. უნ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (1958-იდან), ამერიკის საისტორიო და ეროვნ. გეოგრ. საზ-ბების წევრი.
კ. ქართული ემიგრაციის მემატიანე იყო და შემოგვინახა დიდძალი დოკუმენტური მასალა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ.
ლიტ.: შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, თბ., 1993.
გ. შარაძე