კობახიძე (ჯორჯ კობი) გრიგოლ დავითის ძე (1883, სოფ. თხმორი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 1967, აშშ), ბიზნესმენი, გამომგონებელი, ქველმოქმედი. 10 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო ბორჯომის ახლად გახსნილ მინის ქ-ნაში, სადაც დაეუფლა წარმოების ტექნოლოგიას. შემდეგ მუშაობდა თბილისის, ოდესის, კრასნოდარის გუბერნიებში არსებულ კონსტანტინოვკის მინის ქ-ნებში. 1907-იდან ევროპაში გაემგზავრა, ხოლო 1909 საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში, სადაც 9 წელი იმუშავა ფირმა ,,ჯენერალ ელექტრიკში“. 1919 კ-მ მასაჩუსეტსის შტატის ქ. ეტლბოროში ქარხანა გამართა. ამ პერიოდში სახელიც შეიცვალა და ჯორჯ კობი დაირქვა. მისმა ფირმამ (The Cobi Glass Products Company), რ-იც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა, მალე გაითქვა სახელი ამერიკაში და დიდი მოგებაც მოიტანა. კ. ერთ-ერთი პირველი ქართვ. მილიონერი იყო ამერიკაში.
XX ს. 30-იან წლებში ამერიკაში ეკონ. კრიზისის გამო კ. გაკოტრდა, თუმცა გამოსავალი მალევე იპოვა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფ-კა, შემდეგ კი გ. მაჩაბლის შეკვეთით (მისი ფირმისათვის ,,Prince Matchabeli“) დაიწყო სუნამოს ფლაკონების დამზადება, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა მისი ბიზნესი. II მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეკვეთებისათვის აშშ-ის მთავრობისაგან მიღებული ფინანს. დახმარებით აღადგინა მინის წარმოება – როდ-აილენდის შტატის ქ. პოტაკეტში გახსნა ქ-ნა, რ-იც უშვებდა პროდუქციას ქიმ. და სამედ. ლაბორატორიების, საველე ჰოსპიტლებისა და საავადმყოფოებისათვის (განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ საინიექციო მინის ამპულებზე), ომის დამთავრების შემდეგ კ-მა თავის წარმოებაში სიახლე დანერგა – საშობაო ნაძვის ხისათვის შექმნა ელექტროსანთლები და ფერადი მინის სათამაშოები, რ-საც ,,ორნამენტი“ უწოდა. იგი გამომგონებლური ნიჭითაც გამოირჩეოდა. მიღებული ჰქონდა 60-ზე მეტი პატენტი, მ. შ. რამდენიმე – ავტომ. საწერ-კალმის შექმნისათვის. თუმცა მისი ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი იყო. 30-იან წლებში, ამერიკის პირველი ცათამბჯენების აშენებისას, კობის ეს გამოგონებები ფართოდ დაინერგა. კ. მთელი ცხოვრება ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართვ. ემიგრანტებს. მან კომპანიონებად იტალიური წარმომავლობის ძმები ჯიმი და ჯული პაგლისები აიყვანა, რ-ებმაც კ-ის გარდაცვალების შემდეგ გააგრძელეს მისი საქმე და წარმოებას სახელიც შეუნარჩუნეს.
კ-ს დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა საქმიანობა. 1924–28 ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს მრავალი პრობლემის მოგვარებაში, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა, რის გამოც მან სასწრაფოდ დატოვა სამშობლო.
ლ. აბრამიშვილი