კობახიძე ვალერიან სოგრატის ძე

კობახიძე ვალერიან სოგრატის ძე (1. VI. 1908, სოფ. ხოტევი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 22.XI. 1997, თბილისი), ფიზიკოსი, პედაგოგი. პედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969), მეცნ. დამს. მოღვაწე (1980), საქართვ. პედ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1995). 1930 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1930-იდან ფიზიკას ასწავლიდა თბილისის მე-9, მე-2 (1936 – ამავე სკოლის დირექტორი) და მე-3 (1937–40; საცდელი) საშ. სკოლებში. 1941– 52 – პიონერთა სასახლის (ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლე) მეცნიერებათა განყ-ბის გამგე, პარალელურად – თელავის პედ. ინ-ტის ფიზ. კათედრის თანამშრომელი, შემდეგ კი – კათედრის გამგე. 1953-იდან – პედ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეცნ. მუშაკი, შემდეგ ‒ ფიზიკა-მათ. სექტორის გამგე, 1956-იდან – თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის პედ. პრაქტიკის ხელმძღვანელი.

კ. ფიზ. სწავლების მეთოდიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. მისი დამხმარე სახელმძღვანელოთი – „ფიზიკის სწავლების მეთოდიკა“ – რამდენიმე ათეულ წელს სარგებლობდნენ. კ. ასევე ავტორია ფიზიკის ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებულისა (VII–VIII კლასებისთვის). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ფიზიკის სწავლების მეთოდიკა (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1966; სიახლენი ფიზიკის სწავლებაში, თბ., 1973; სიმეტრიის პრინციპი ფიზიკის სწავლებაში“, თბ., 1995; „ნილს ბორის დამატებითობის პრინციპი და მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა სწავლებაში, თბ., 1997.

თ. ალიბეგაშვილი