კობახიძე პეტრე (პიერ) კალისტრატეს ძე [29. VI (12.VII). 1907, ქ. ზუგდიდი, – 17. VIII. 1963, სოხუმი, დაკრძალულია თბილისში]. თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1946), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1952). 1924 დაამთავრა სასცენო ხელოვნების ინ-ტის დრამ. სტუდია ა. ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924–30 გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1930-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კ. მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის ,,ურიელ აკოსტა“, 1932), არმანი (ა. დიუმას ,,მარგარიტა გოტიე“, 1940), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი“, 1945), ონისე (ა. ყაზბეგის ,,მოძღვარი“, 1948), ანტონიუსი (უ. შექსპირის ,,ანტონიუსი და კლეოპატრა“, 1951), სიმონა (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), პეტრუჩიო (უ. შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ლორდი ბერლეი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი“), ჰარი სმიტი (კ. სიმონოვის „რუსეთის საკითხი“), ვარშანიძე (ი. ვაკელის „შური“) და სხვ.
კ-ის მიერ განსახიერებული გმირები გამოირჩეოდნენ ჰეროიკულ-რომანტიკული ესთეტიკითა და პლასტიკურობით. სამსახიობო კარიერის ბოლო წლებში კ. განსხვავებული კუთხით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მან მარჯანიშვილის თეატრში წარმატებით განასახიერა ტუჩა დაშნიანის მკვეთრად სატირული როლი „კოლხეთის ცისკარი“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე). კ. მოღვაწეობდა საქართველოს რადიოშიც. იყო პირველი სპორტული კომენტატორი. წერდა და აქვეყნებდა ლექსებს პეტრე ხეთელის ფსევდონიმით. გადაღებულია ფილმში „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟ-ები კ. მარჯანიშვილი, ზ. ბერიშვილი, 1926).
დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.