კობერიძე ერმალოზ გრიგოლის ძე

კობერიძე ერმალოზ გრიგოლის ძე (15. IV. 1904, სოფ. ცხმორი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 12. VII. 1974, თბილისი), გენერალ-მაიორი (1943), საბჭოთა კავშირის გმირი (6. IV. 1945). 1926 დაამთავრა სრულიად რუსეთის ცაკ-ის სახ. პირველი სამხ. სკოლა მოსკოვში. 1932 დაინიშნა სასაზღვრო ჯარების მთ. სამმართველოს ინსპექტორად, 1933 – ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურად ქ. ალმა-ათაში. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა დას. დვინასთან, კალინინთან (ახლანდ. ქ. ტვერი), 1942-იდან მეთაურობდა დივიზიას. მონაწილეობდა პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე გამართულ ბრძოლებში. 1944 ივლ. მდ. ვისლის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება. ომის შემდეგ დაამთავრა კ. ვოროშილოვის სახ. გენ. შტაბის სამხ. აკადემია (1948), მსახურობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1961 თადარიგში გავიდა და თბილისში დაბრუნდა. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და სხვ. ჯილდოებით.

ლიტ.: Герои Советского Союза, т.1, М., 1987.

ტ. ჩინჩილაკაშვილი