კობერიძე ოთარ ლეონტის ძე

ო. კობერიძე

კობერიძე ოთარ ლეონტის ძე (17. XII. 1924, თბილისი, – 9. III. 2015, იქვე), კინომსახიობი, რეჟისორი. საქართვ. (1968) და აფხაზეთის არ (1981) სახ. არტისტი. სწავლობდა თბილ. კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სკოლაში. პირველი როლი (ბესარაბიელი პარტიზანი) შეასრულა ნ. შენგელაიას ფილმში ,,შავი მთები“ (1941). II მსოფლიო ომის დროს 17 წლის კ. მოხალისედ წავიდა ფრონტზე. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. საქართვ. თეატრ. ინ-ტი (1948). მუშაობდა სოხუმის დრამ. (1950–56) და კ. მარჯანიშვილის სახ. (1956–64) თეატრებში.

კ-მ 1956 მთავარი როლი შეასრულა რეჟ. ლ. ესაკიას ფილმში „ბაში-აჩუკი“, რ-მაც დიდი პოპულარობა მოუტანა და განსაზღვრა მისი, როგორც ლირ.-რომანტ. და გმირული როლების შემსრულებლის ამპლუა. კ-მ შექმნა სხვადასხვა ეპოქის, განსხვავებული ხასიათის, ეროვნების, სოც. წრის პერსონაჟთა სახეები ყველა ჟანრის ფილმში, თუმცა მისი ბუნებისათვის უფრო ახლობელი იყო მაღალი ზნეობრივი იდეალების მქონე გმირები. ქართ. ფილმებში შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ოთარი (,,მე ვიტყვი სიმართლეს“, 1957), დათა (,,სხვისი შვილები“, 1958), მაჰმუდი (,,მამლუქი“, 1958), გურამი (,,შეწყვეტილი სიმღერა“, 1960), გურამი (,,ზღვის შვილები“, 1964), კიაზო (,,დაისი“, 1971), სეხნიევი (,,დათა თუთაშხია“, 1978), ტარსაიჭ ორბელი (,,დემეტრე II“, 1982) და სხვ.

ო. კ ო ბ ე რ ი ძ ე. კადრი ფილმიდან "მამლუქი" (მაჰმუდი), რეჟისორი
დ. რონდელი, 1958

კ-ს ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყნის სტუდიებში. მუშაობდა მ. კალატოზოვთან (,,წითელი კარავი“, 1970, სსრკ-იტალია, შეასრულა ჩეჩონის როლი), ჯუზეპე დე სანტისთან (,,ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთისაკენ “, 1964, იტალია), გ. ჩუხრაისთან (,,ცხოვრება მშვენიერია“, 1980, რფ), ა. ასკოლდოვთან (,,კომისარი“, 1967, რფ), ა. ჟებრიუნასთან (,,პატარა უფლისწული“, 1966, ლიეტუვა). შესრულებული აქვს მრავალი ეპიზოდური როლი: აკაკი (,,ქალის ტვირთი“, 1957), ლევანი (,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1959), ჰენრი (,,713 ითხოვს დაფრენას“, 1960, რფ), სულთანი (,,ალადინის ჯადოსნური ლამპარი“, 1966, რფ), ნადირ-ხანი (,,მისია ქაბულში“, 1970, რფ), შაჰ ქაუსი (,,თქმულება რუსტამზე“, 1971, ტაჯიკეთი), პატრიარქი დოსითეოსი („ანთიმოზ ივერიელი“, 2001) და სხვ. კ-მ, როგორც რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: ,,ოცნების შესახვედრად“ (მ. კარიუკოვთან ერთად, 1963, რფ), ,,გამსვლელი პაიკი“ (გ. დოჩანაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1970), ,,ელოდეთ მოკავშირეს“ (1979, უკრაინა), ,,სიბრძნის კარავი“ (1982), ,,ვინ არის მეოთხე?“ (1985), «ოპერაცია ,,ვუნდერლანდი“» (1988), ,,საბედისწერო გასროლა“ (1990). 2009 თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, გაიხსნა ,,ოთარ კობერიძის ვარსკვლავი“. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მ. კერესელიძე