კობი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. თერგის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი [სოფლები კ., აბანო, ალმასიანი, ბურმასიგი, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, კართსოფელი, კეტრისი (კეთერისი), მნა, ნოგყაუ, რესი, სუატისი, ტეფი, უხათი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა]. ზ. დ. 2000 მ, სტეფანწმინდიდან 20 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.
2019 გაიხსნა კობი–გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. მისი სიგრძე 7 კმ-ზე მეტია და საათში 2800 მგზავრს ემსახურება. საბაგირო გზა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების დროს უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზრდის მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.
სოფელში ფუნქციონირებს მინერალური წყლის – „კობის“ ჩამოსასხმელი ქ-ნა. სოფ. კობის დაარსებას ხელი შეუწყო მთიულეთიდან ხევში გადასასვლელ უმოკლეს გზაზე სამი ხეობის – თერგის, თრუსოსა და სნოს – შეერთების ადგილზე მდებარეობამ. იგი პირველად XIV ს-ში იხსენიება („ძეგლი ერისთავთა“).