კობრი

კობრი

კობრი, გოჭა (Cyprinus carpio L, 1758), თევზი. მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს (Ciprinidae Fleming, 1822), კობრების გვარს (C. Linnaeus, 1758). მაქსიმალური სიგრძე 1 მ-მდეა, მასა – 20 კგ-მდე. მტკნარი წყლის ბინადარია, თუმცა ასევე გავრცელებულია ზღვისა და მდინარის შესართავის გამტკნარებულ ადგილებშიც. კ. მდინარეში ირჩევს მდოვრე და მცენარეულობით მდიდარ ადგილებს. ამჯობინებს ტბის პირობებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3–5 წლის ასაკში. ნაყოფიერება 100 ათ-იდან 1,5 მლნ. ქვირითია. ტოფობს აპრილიდან სექტემბრამდე 2-3-ჯერ. იკვებება კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ასევე მცენარეული საკვებით. გვხვდება საქართველოს მდინარეებსა (მტკვარი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჯუმი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი); და ტბებში (ჯანდარა, ფარავანი, საღამო, პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი; ხელოვნურად გადაყვანილია ბაზალეთის, ტაბაწყურის, გომარეთის, ინკითის ტბებში). მოიპოვება ხრამის, თბილისის, ტყიბულის, შაორის წყალსაცავებში; შავი, კასპიისა და არალის ზღვების აუზებში; ინტროდუცირებულია ჩრდ. ამერიკაში და ინდომალაის არქიპელაგზე.

საქართველოში ტბორული მეურნეობის ძვირფასი, საკმაოდ მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია. მისი მოპოვება უმთავრესად ხდება ფარავნის, ჯანდარის, კუმისის, ბაზალეთის, პალიასტომისა და ინკითის ტბებში, ასევე ხრამის, თბილისისა და ტყიბულის წყალსაცავებში. ბუნების დაცვის კავშირის მიხედვით (IUCN) მოწყვლადია (VY) (A 2 ce).

ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Эланидзе Р., Ихтиофауна рек и озер Грузии, Тб., 1983.

ნ. ნინუა