კოდა, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე, მდ. ალგეთის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები კ., მუხათი). ზ. დ. 590 მ, თეთრი წყაროდან 34 კმ, მარნეულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 3,1 ათ. მცხ. (2014). სოფელზე გადის რუსთავისა და მარნეულის დამაკავშირებელი გზა.
სოფელში არის მეფრინველეობის ფ-კა – შპს „პოულტრი ჯორჯია“, შინმოუსვლელთა ობელისკი.
ვახუშტის მიხედვით კ. იყო ალგეთის ხეობის შუა წელის ცენტრი, ისტ. საბუთებში იხსენიება XVII ს-იდან როგორც საბარათიანოს სოფელი, რ-იც ეკუთვნოდა თურქესტანიშვილებს. კ. იყო მნიშვნელოვანი სადგური თბილისიდან სომხეთისკენ მიმავალ ძვ. საქარავნო გზაზე. კ-ში დაიბადა მწერალი ვ. ბარნოვი. მისი მოგონებიდან ჩანს, რომ სოფელში იდგა ძვ. სამეკლესიიანი ბაზილიკა, რ-იც დაანგრია ადგილობრივმა მემამულემ.
ამჟამად კ-ში დგას XIX ს. II ნახ-ის დარბაზული ეკლესია.
ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1941; ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. I. ნახ., თბ., 1975; Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960.
თ. თოდრია