კოდიკოლოგია (ლათ. codex – წიგნი), სპეციალური წყაროთმცოდნეობითი სამეცნიერო დისციპლინა, იკვლევს ხელნაწერი წიგნის შექმნის, შენახვის, გავრცელებისა და გამოყენების პროცესებს. მასვე ევალება გადამწერთა სოც. და პროფ. კუთვნილების შესწავლაც. დარგი ჩაისახა XX ს. 40-იანი წლების დასასრულს ბელგიელი, იტალიელი და ფრანგი მეცნიერების გამოკვლევებში პალეოგრაფიის, დიპლომატიკისა და ტექსტოლოგიის შესაყარზე. მსგავს ტერმინს – ხელნაწერთმცოდნეობა (handshri ftenkunde) – პალეოგრაფიის ფარგლებში იყენებდნენ გერმ. მეცნიერები. ფრანგი მეცნიერი ფრანსუა მაზე ამ დარგს ხელნაწერთა არქეოლოგიას (Archeologia dei libri) უწოდებდა. კ-ის ფარგლებში გამოყოფენ დამოუკიდებელ დისციპლინას – შუა საუკუნეების ხელნაწერთა არქივისტიკას. გამოირჩევა სხვადასხვა სახის კრებულების შემსწავლელი განყ-ბები თხრობითი ძეგლების, აქტების, საკანონმდებლო კრებულების და სხვ.
ლიტ.: ალასანია გ., კიკნაძე რ., წყაროთმცოდნეობის თეორიული პრობლემები, თბ., 1988.
გ. ალასანია