კოდიფიკაცია

კოდიფიკაცია (ლათ. codex – კრებული, წიგნი და facio – კეთება), კანონშემოქმედებითი ორგანოს მიერ მოქმედი საკანონმდებლო აქტების სისტემატიზაციის, განახლების პროცესი. კ-ის პროცესში ხდება ახალი საკანონმდებლო აქტის მიღების გამო ფაქტობრივად, მაგრამ არა ფორმალურად, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების გაუქმება. მოქმედ ნორმატიულ აქტებს შორის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, მიიღება, ასევე, ახალი საკანონმდებლო აქტი, რ-იც აერთიანებს სამართლის რომელიმე დარგის ან მისი რომელიმე მიმართულების ნორმებს.

კ. ყოველთვის ხორციელდება ოფიციალური ფორმით ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს მიერ. დღეისათვის საქართვ. საკანონმდებლო აქტების კ-ის ღონისძიებებს ახორციელებს საქართვ. იუსტიციის სამინისტრო. ქართული სამართლის პირველ კოდიფიცირებულ წყაროდ უნდა ჩაითვალოს ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, რ-იც მეფის მიერ შექმნილმა კომისიამ შეადგინა 1705–08. ის მოიცავს არა მხოლოდ ქართ., არამედ უცხ. სამართლის ძეგლებს; კრებულში შეტანილია როგორც საქართველოში მოქმედი მთელი ქრისტიანული სამყაროს საეკლ. სამართლის წყაროები (მოსეს სჯული, სირიულ-რომაული სამართალი, სომხური სამართალი), ისე ქართ. სამართლის ძეგლები (ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნები, გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადება“, „კათალიკოზთა სამართალი“, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულს პირველ ქართულ კოდექსად მოიხსენიებს ივ. ჯავახიშვილი და მას ვახტანგ VI-ის „კოდიკოს“ უწოდებს, ტერმინს კი ქართულში ბერძნ. „კოდექსის“ ზეპირად შემოტანილ ფორმად მიიჩნევს. თუმცა ი. დოლიძე აღნიშნავს, რომ კრებული არ წარმოადგენს შინაარსის მხრივ შეთანხმებულ კანონთა კრებულს და უმართებულოდ თვლის მისთვის კოდექსის წოდებას.

ი. უჯმაჯურიძე