კოდორის ხეობა, მდინარის ხეობა აფხაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე 1300-იდან 3984 მ-მდე. კლიმატი ნოტიოა, ზამთარი – თოვლიანი. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1600-იდან 2000 მმ-მდე (იანვარში –120 მმ, ივლისში –180 მმ), წვიმს წელიწადში 30 დღე. დაახლ. 180 დღის განმავლობაში ხეობა თოვლით არის დაფარული. იანვრის საშ. ტემპ-რა –30, ივლისის 140, საშ. მაქსიმალური ტემპ-რა (ივლისი) 280 C.
კ. ხ-ზე უძველესი დროიდან გადიოდა სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რ-იც შავი ზღვის აღმ. სანაპიროს კლუხორის უღელტეხილით ჩრდ. კავკასიასთან აკავშირებდა. მისი მეშვეობით თავდაპირველად რომის იმპერია, შემდეგ კი ბიზანტია ჩრდ. კავკასიასთან ეკონ. და პოლიტ. კავშირს ახორციელებდა. ჩრდ. კავკასიაში ლაშქრობისას ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი ეგრისში ამ გზით გადმოვიდა.
კ. ხ-ში აღმოჩენილია ქვედა და ზედა პალეოლითის (აფიანჩა, სვანთა სავანე, ცივი მღვიმე), მეზოლითის (აფიანჩა, ქვაჭარა, ცივი მღვიმე), ნეოლითის (აფიანჩა, ცივი მღვიმე), ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (სვანთა სავანე) არქეოლ. ძეგლები. მის მთიან ნაწილში მრავლადაა შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულები. ბრინჯაოს ხანის მეგალითური ძეგლები – დოლმენები შემორჩენილია სოფ. აზანთის მიდამოებში (იხ. აფხაზეთის დოლმენები). კ. ხ-ის ზემო ნაწილში რამდენიმე ციკლოპური სიმაგრის ნაშთია. სოფ. ომარიშარის ტერიტ-ზე გათხრილი ციკლოპური ნაგებობების ინვენტარი III–II ათასწლ. თარიღდება; დიდი ზომისაა სოფ. საკენის ციკლოპური ციხე, რ-იც ჩრდ. კავკასიიდან კოლხეთის დაბლობისაკენ მიმავალ გზას კეტავდა. შემორჩენილია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლები (აჟარა, ომარიშარა, ტვიბრაშერა და სხვ.), ანტიკური ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობები, ნამოსახლარები და სამაროვნები; მრავლადაა ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო და ქრისტ. ხუროთმოძღვრების ძეგლების ნაშთები. კ. ხ-ის ქვემო, შუა და ზემო ნაწილიდან შემორჩენილია X–XIV სს. ქართული ასომთავრული ლაპიდარული და ჭედური წარწერები ქტიტორთა, საერო ხელისუფალთა, შემწირველთა მოსახსენებლებით.
ქრისტეს შემდგომ პირველ საუკუნეებში კ. ხ-ის ქვემო და შუა ნაწილში აფშილები ცხოვრობდნენ. აფშილეთის მთავარი ციხე იყო VI ს. ბიზანტიურ წყაროებში (პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი) მოხსენიებული წიბილე//ტიბელი, ტიბელეოსი სოფ. წებელდის ტერიტორიაზე (იხ. წებელდა).
კ. ხ-ის ზემო ნაწილი ადრე შუა საუკუნეების ბიზანტიურ წყაროებში მისიმიანეთის სახელითაა ცნობილი. როგორც მიჩნეულია, მისიმიელები ის სვანებია, რ-თა შესახებაც სტრაბონი I ს-ში წერს: ,,ისინი ფლობენ ირგვლივ ყველაფერს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის“ (Strabo, XI, II, 19). მისიმიანეთის ადმ. ცენტრი და მთავარი ციხე იყო ძახარი//ჩახარი (ჩხალთა) მდ-ების – კოდორისა და ჩხალთის შესართავში.
IV ს-იდან კ. ხ. ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VI ს-ში ხეობა ბიზანტიასა და ირანს შორის საომარი დაპირისპირების ერთ-ერთ ასპარეზს წარმოადგენდა. 662 კონსტანტინოპოლიდან ეგრისში (ლაზიკაში) გადმოასახლეს დიდი საეკლ. მოღვაწე მაქსიმე აღმსარებელი თავის ორ მოწაფესთან – ანასტასი აპოკრისიართან და ანასტასი მონაზონთან ერთად. თავდაპირველად ისინი კ. ხ-ის ციხეებში მოათავსეს: მაქსიმე აღმსარებელი – სქემარის, ანასტასი მონაზონი – სკოტორის (კოდორის), ხოლო ანასტასი აპოკრისიარი – ბუქლოოსის (ბოკერის), შემდეგ კი ფუსტის ციხეში. VIII ს-ში კ. ხ-ის ციხეებში არაბული გარნიზონები იდგა. აფხაზთა სამეფოში (VIII–X სს.) და შემდეგ საქართვ. სამეფოში (XI–XV სს.) კ. ხ-ის ზემო ნაწილი, დალი, სვანეთის საერისთავოში შედიოდა, შუა და ქვემო ნაწილი – ოდიშის საერისთავოში. აფხაზთა მეფეები კონსტანტინე III (893–922) და გიორგი II (922–957) კ. ხ-იდან ავრცელებდნენ ქრისტიანობას ჩრდ. კავკასიაში.
კ. ხ-ის ზემო ნაწილში მდებარე ისტ. თემის – დალის სახელწოდება, დამკვიდრებული თვალსაზრისით, მომდინარეობს სვანური ნადირობის ღვთაების სახელიდან და ,,დალის საუფლოს“ ნიშნავს. დალს დას-ით წებელი ესაზღვრებოდა. თემის სახელწოდება მომდინარეობს ადრე შუა საუკუნეების ციხესიმაგრის სახელიდან. დამკვიდრებული თვალსაზრისით,
სახელწოდება ,,წებელი“ იგივეა, რაც ხე-მცენარის ქართული სახელი ,,წიფელი“ (მეგრ.-სვან. წიფური, წიფრა, წიფელთა). ზოგიერთი მოსაზრებით, სახელწოდება ,,წიბილი“ მომდინარეობს სიტყვიდან ,,ჭიბილი“ (მეგრ. ,,მტკიცედ ნაგები“). წებელი და დალი მარუშიანთა ფეოდ. საგვარეულოს სამფლობელოს წარმოადგენდა. წებელდის ციხის მახლობლად, სოფ. პოლტავსკოეს (აჭანდარის) ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატის მოჭედილობის ფრაგმენტი ქართული ასომთავრული წარწერით, სადაც მოხსენიებულია ამ საგვარეულოს წარმომადგენელი ერისთავთ-ერისთავი და მეჭურჭლეთუხუცესი აბულასან იობისძე (XII ს.).
საქართვ. სამეფოს პოლიტ. დაშლის შემდეგ, XVI ს-ში, კ. ხ-ის თემებში, დალსა და წებელში, ჩრდ. კავკასიიდან გადმოსული მთიელები (აფსუები) დამკვიდრდნენ, ქართულმა მოსახლეობამ კი ეს მხარე დატოვა. წებელისა და დალის მფლობელი მარუშიანების ფეოდ. საგვარეულო თანდათან გააფხაზდა, მაგრამ ამ თემების მფლობელობა შეინარჩუნა, გვარსახელმა კი მარშან//მარშანია ფორმა მიიღო. XVII ს-იდან კ. ხ-ის ქვემო ნაწილი აფხაზეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. აფხაზეთის მთავარი თავს კ. ხ-ის თემების, წებელი-დალის ბატონადაც თვლიდა, მაგრამ ეს თემები მის ხელისუფლებას არ ცნობდნენ. 1810, როდესაც აფხაზეთის სამთავრო რუსეთის მფლობელობაში შევიდა, წებელისა და დალის მფლობელმა მარშანიებმა გიორგი შარვაშიძის (1810–21) ხელისუფლება არ ცნეს და არც რუსეთის მფლობელობაში შევიდნენ. ამ თემების მოსახლეობა უმთავრესად მეჯოგეობას მისდევდა, ამიტომ მათ აფხაზეთის ბარის გარეშე არსებობა არ შეეძლოთ. როგორც ნახევრად მეჯოგეები, ისინი სათარეშოდ ხშირად იჭრებოდნენ აფხაზეთის სანაპირო ზოლსა და ოდიშში, იტაცებდნენ ადამიანებს, ეწეოდნენ ტყვეთა სყიდვას, აოხრებდნენ სოფლებს. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უღელტეხილებით მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ აბაზებთან, ყაბარდოელებთან, ყარაჩაელებთან და საფრთხის დროს თავს მათთან აფარებდნენ. თვით წებელს და დალს თავს აფარებდნენ აფხაზეთიდან და ოდიშიდან გაქცეული ბოროტმოქმედნი და კავკასიელი მთიელებიც, ამიტომ რუსეთის ხელისუფლება ამ მხარეს ,,დამნაშავეთა ბუნაგს“ უწოდებდა. 1837 მაისში რუსეთის ხელისუფლებამ კ. ხ-ის თემები (წებელი და დალი), იარაღის ძალით დაიმორჩილა და ამ მხარეში რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა რუსული ადმ.- ტერიტ. ერთეული – წებელდის საბოქაულო. ამ დროიდან ქართ. ,,წებელის“ და ,,დალის“ ნაცვლად დამკვიდრდა რუს. ფორმა ,,წებელდა“, რ-იც ორი სახელწოდების გაერთიანებით შეიქმნა. აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823–64) იმედოვნებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცნობდა მის უფლებებს კ. ხ-ის თემებზე, თუმცა ამაოდ. 1840–41 წებელსა და დალში მოხდა ანტირუსული, ანტიკოლონიური აჯანყებები, რ-იც რუსეთის ხელისუფლებამ ჩაახშო. დალში მცხოვრები 500-მდე ოჯახი აყარეს და წებელში ჩაასახლეს, თუმცა მათი ნაწილი მალევე უკან დაბრუნდა.
აფხაზეთის სამთავროს გაუქმების (1864) შემდეგ, 1866 წ. 11 აგვისტოს დებულებით, კ. ხ-ის თემები, წებელდის ოკრუგის სახელწოდებით, სოხუმის სამხ. განყ-ბას (აფხაზეთი) შეუერთეს. 1867 აპრილ-ივნისში კ. ხ-იდან აფხაზები ოსმალეთში გაასახლეს (მუჰაჯირობა), მხოლოდ წებელდის ოკრუგიდან (წებელი და დალი) კი – 2 503 ოჯახი (14740 მცხოვრები), რის შედეგადაც კ. ხ-ის შუა და ზემო ნაწილი მოსახლეობისაგან სრულად დაიცალა. დაცარიელებული მიწები შევიდა სახაზინო მიწების ფონდში, რ-საც კავკასიის მთიელთა მმართველობა განაგებდა. 1868 წებელდის ოკრუგის ნაცვლად ,,წებელდის დასახლებათა მზრუნველობა“ შეიქმნა, რ-ის მიზანი მხარის კოლონიზაცია იყო. ხელისუფლებამ ვრცელი მიწა-წყალი რუს მოხელეებსა და ოფიცრებს უბოძა. XIX ს. II ნახევარსა და XX ს. დასაწყისში კ. ხ-ის ქვემო და შუა ნაწილში რუსების, სომხების, ბერძნების, ბულგარელებისა და ესტონელების დასახლებები გაჩნდა; ზემო ნაწილში სვანეთის თემებიდან გადმოსულები დამკვიდრდნენ. 1898 რუსეთის ხელისუფლებამ სოხუმიდან კ. ხ-სა და კლუხორის უღელტეხილის გავლით, ჩრდ. კავკასიისაკენ სოხუმის სამხედრო გზა გაიყვანა. კ. ხ. 1883–1917 სოხუმის ოკრუგის, ხოლო 1918–21 – სოხუმის ოლქის (აფხაზეთის) შემადგენლობაში შედიოდა.
საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ, კ. ხ-ის სოფლები აზანთის, აჟარის, ამტყელის, აძიუბჟის, ბაბუშერის, განახლების, დრანდის, ვლადიმიროვკის, ლათის, წებელდის სასოფლო თემებში შედიოდა. 1924 აგვისტოში კ. ხ-ის შუა და ზემო ნაწილის სოფლებში მოხდა ანტისაბჭოთა გამოსვლები, რ-იც ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო. 1921–30 კ. ხ-ის სასოფლო თემები სოხუმისა და კოდორის მაზრებში, ხოლო მოგვიანებით, გულრიფშისა და ოჩამჩირის რ-ნებში შევიდა. 1992–93 აფხაზეთის ომის შემდეგ საქართვ.ხელისუფლების იურისდიქცია აფხაზეთში მხოლოდ კ. ხ-ის ზემო ნაწილზე – დალზე ვრცელდებოდა. 2006 წ. 27 სექტემბერს კოდორის ხეობის ზემო ნაწილს გაუაზრებელი გადაწყვეტილებით ზემო აფხაზეთი ეწოდა, მისი ადმ. ცენტრი სოფ. ქვემო აჟარა გახდა. 2008 აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ამ მხარეზე აფხაზური სეპარატისტული ხელისუფლების იურისდიქცია გავრცელდა. მოსახლეობამ იძულებით დატოვა თავისი სამკვიდრო.
ლიტ.: აფხაზეთი საქართველოა; ისტორიული რაკურსი, თბ., 2021; აფხაზეთის უძველესი მატერიალური კულტურა, ტ. 1–2, რედ. მ. ბარამიძე, თბ., 2013; ახალაძე ლ., აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, I (ლაპიდარული და ფრესკული წარწერები), თბ., 2005; ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე, თბ., 2007; ჩართოლანი შ., ცინდელიანი მ., კოდორის ხეობის ,,დალ“-ის მხარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2010; ჩხატარაიშვილი ქ., აბულასან იობისძის წარწერა წებელდიდან და მისი ისტორიული მნიშვნელობა; კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 6, თბ., 1990; ხვისტანი რ., კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (მდ. კოდორის ზემო წელი – ისტორიული მისიმიანეთი), თბ., 2018; ხორავა ბ., აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე, თბ., 2011; მისივე, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, თბ., 2014; ჯაფარიძე ო., დოლმენური კულტურა საქართველოში, თსუ შრომები, 1959, ტ. 77; Воронов Ю., Древности Военно-Сухумской дороги, Сух., 1977; მისივე, Древности Азантской долины, Тб., 1982; მისივე, Памятники каменного века Военно-Сухумской дороги, Тб., 1984; Воронов Ю., Бгажба О., Материалы по археологии Цебельды, Тб., 1985; მათივე, Главная крепость Апсилии, Сух., 1986.
ბ. ხორავა