კოვალევსკი მაქსიმ მაქსიმის ძე

კოვალევსკი მაქსიმ მაქსიმის ძე [27. VIII (8. IX). 1851, ხარკოვი, – 23. III (5. IV). 1916, პეტროგრადი], რუსი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, იურისტი, სოციოლოგი, პეტერბ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1914), მოსკოვის (1878–87) და პეტერბურგის (1905–16) უნ-ტების პროფესორი. 1872 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი; სწავლობდა აგრეთვე ბერლინში, ვენაში, პარიზსა და ლონდონში. 1906 აირჩიეს I სახელმწ. სათათბიროში, 1907 – სახელმწ. საბჭოში.

კ-მ 3-ჯერ იმოგზაურა კავკასიაში (1883, 1885, 1887). აქ შეგროვილი მასალა საფუძვლად დაედო გამოკვლევებს გვაროვნ. ურთიერთობისა და მისი დაშლის ფორმების შესახებ. მისი ძირითადი ნაშრომია „კანონი და ზნე-ჩვეულებები კავკასიაში“ („Законъ и обычай на Кавказе“, 2 ტომად, 1890). I ტომის IV თავში „სომხური და ქართული სამართლის გავლენა“ განიხილავს ქართ. სამართლის (გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადება“, ბექასა და აღბუღას სამართალი, „ვახტანგ VI-ის სამართალი“) გავლენას და მის ანარეკლს კავკასიის მთიელთა ადათებსა და ჩვეულებით სამართალზე. II ტომი შედგება ორი განყ-ბისაგან: „სამეგრელოს და საქართველოს მთიელები“ და „დაღესტნის მთიელები“. პირველი დაყოფილია თავებად: 1. „სვანების საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობა“, სადაც სვანებს უძველეს ტომებს უწოდებს, რ-ებსაც ძვ. ბერძენი მემატიანეები და გეოგრაფებიც კი მოიხსენიებდნენ. სახლობენ ევროპაში ყველაზე მაღლა ზღვის დონიდან. სვანეთის გეოგრ. მდებარეობამ, გარე სამყაროსგან იზოლაციამ განაპირობა აქ გვაროვნ. წყობის უფრო დიდხანს შენარჩუნება სრულყოფილი ფორმით, რ-საც საფუძვლად სისხლით ნათესაობა უდევს. აღწერილი აქვს ქორწინების წესები, ვაჟის ყოლის უპირატესობა; 2. „ფშავლები, მათი რელიგიური ცრურწმენები, საზოგადოებრივი წყობა და იურიდიული ყოფა“, სადაც ფშავლების (ფხოველები) შესახებ წერს, რომ ისინი ძალიან ძველი ხალხია, ცხოვრობენ გვაროვნული ყოფით, თუმცა ამავე დროს ინარჩუნებენ განვითარების უფრო ადრინდელ ფორმებს. ისინი სხვა ქართველებისაგან განსხვავებით და ხევსურების მსგავსად არ ცნობენ არც წოდებებს, არც ბატონყმურ ან ფეოდ. დამოკიდებულებას. ხევსურებთან ერთად განსაცდელის ჟამს საქართველოს საიმედო დამცველები არიან. ფშავლები გამოირჩევიან სილაღით; ისინი თავიანთ სიხარულსა და მწუხარებას ლექსებითა და სიმღერებით გადმოსცემენ. აღწერილი აქვს ფშაველთა დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი, ქორწინებისა და დაკრძალვის რიტუალები, ქალისადმი დამოკიდებულების წესები; 3. „ხევსურებისა და თუშების ჩვეულებითი სამართალში“ კ. აღწერს თუშებისა და ხევსურების ოჯახების სტრუქტურას, ქონების ფლობის წესს, სისხლის სამართალს, რ-იც სისხლის აღების წესს ემყარებოდა. მისი აზრით, ხევსურეთში საზ. ურთიერთობა ვერ გასცდა გვაროვნულ წყობას, თუშეთში კი თანდათან ჩამოყალიბდა პოლიტ. ერთეული – თემი, რ-იც ტერიტ. ერთობას წარმოადგენდა და ფორმალურად კახეთის მოურავის ხელისუფლებას აღიარებდა, ფაქტობრივად კი დამოუკიდებელი იყო. თემი მხოლოდ საერთო საშიშროების შემთხვევაში იღებდა საერთო გადაწყვეტილებას. ასევე განხილულია სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოსასყიდის დაწესება, რ-ის ოდენობა განისაზღვრებოდა დანაშაულის სიმძიმით. აღწერილი აქვს სასამართლო დავების გადაწყვეტა მოპასუხის, ნათესავისა და თანასოფლელების ფიცის საფუძველზე, აგრეთვე ძმებს შორის მემკვიდრეობის გაყოფის წესი და ა. შ.

თხზ.: Законъ и обычай на Кавказе (2 ტომად), М., 1890.

ლიტ.: შამილაძე ვ., მიმინოშვილი ო., ქართული ეთნოლოგიის ისტორია, თბ.; 2009.

ლ. მანიავა