კოინდარი, მარცვლოვანი საკვები ბალახი. განეკუთვნება ორ გვარს – Arhenatherum-სა (მაღალი კ.) და Lolium-ს (საძოვრის კ., მრავალსათიბი კ.). მაღალი კ. ( A. elatius) მრავალწლოვანი ფაშარბუჩქოვანი მცენარეა. სწრაფად იზრდება, გავრცელებულია ყველგან. კ-ის თივა ცხოველის კარგი საკვებია. მომწარო გემოს გამო კ-ის მწვანე მასას ცხოველს მხოლოდ სხვა მარცვლოვან და პარკოსან ბალახთან ერთად აძლევენ. საძოვრის კ. (L. perenne) მრავალწლოვანი ბალახია. შედარებით ნაკლებად უძლებს გვალვასა და ყინვას. გაძოვებისა და გათიბვის შემდეგ ინტენსიურად იზრდება. მრავალსათიბი კ. (L. multiflorum) ერთ-ან ორწლოვანი მცენარეა. აღსანიშნავია მისი ერთწლოვანი სახესხვაობა – ვესტერვოლდის კ. საქართველოში ითესება მინდვრისა და საკვებ თესლბრუნვებში, როგორც ბალახთნარევების ერთ-ერთი საუკეთესო კომპონენტი.
კ. გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაშიც. მაღალი კ. რეკომენდებულია ბორდიურებისა და ჯგუფური გამწვანების შესაქმნელად, სხვა სახეობები კი უმეტესად – გაზონებისათვის.
გ. ბადრიშვილი