„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ( Coca-Cola Bottlers Georgia), სააქციო საზოგადოება, უალკოჰოლო სასმელების კომპანია. შეიქმნა 1993 ივლისს თბილისში „კოკა-კოლა კავკასიონის“ სახელწოდებით. იმავე წელს საწარმომ გამოუშვა პირველი პროდუქცია. 1996-იდან საწარმოს ეწოდა შპს „კ.-კ. ბ. ჯ.“, ხოლო 2016-იდან ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად. კერძო საკუთრებაა (100%), საინვესტიციო კაპიტალი შეადგენს 80 მლნ. აშშ დოლარს. 2019 საწარმო გადავიდა ახალაგებულ შენობაში, (სოფ. ნატახტარი, მცხეთის მუნიციპალიტეტი).
„კ.-კ. ბ. ჯ.“ ერთადერთი ჩამომსხმელი ქ-ნაა საქართველოში, რ-იც უფლებამოსილია აწარმოოს და მოახდინოს კომპანიის პროდუქციის დისტრიბუცია. საწარმოს ფართობი შეადგენს 54461 მ2, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, აქვს ექვსი ჩამომსხმელი ხაზი. კომპანიაში დასაქმებულია 700, ხოლო მთლიანად სისტემაში – 10000-ზე მეტი ადამიანი. კომპანიის საქმიანობის სფეროა: უალკოჰოლო გაზიანი სასმელების („კოკა-კოლა“, „ფანტა“, „სპრაიტი“, „შვეფსი ტონიკი“), წვენების („კაპი“, „ცივი ჩაი“), ენერგეტ. სასმელების („კკ ენერჯი“, „ბერნი“), მინერ. წყლების („მთის“, „ბონაქვა“) წარმოება-ჩამოსხმა. პროდუქციის ძირითადი გასაღების ბაზარი საქართველოა, გადის აგრეთვე აზერბაიჯანსა და სომხეთში. ქართ. „კოკა-კოლა“ გამოირჩევა მაღალი გემური თვისებებით და აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს.
„კ.-კ. ბ. ჯ-ს“ საქმიანობამ ბიძგი მისცა გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებას და უცხ. კომპანიების („კონბაში“, „რადიჩი“, „შიშე ჯამი“, „მაკდონალდსი“) მიერ საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას საქართველოში. ამუშავდა ადგილ. ქ-ნები, დაინერგა სადისტრიბუციო სისტემა, ჩამოყალიბდა საცალო გაყიდვის სტრუქტურა, შეიქმნა ბიზნესის ახ. დარგი მასშტაბური სარეკლამო კომპანიის მომსახურებისათვის, დაიწყო აგრეთვე ინვესტიციების დაბანდება სწრაფი კვების სექტორში. გარდა საწარმოო პროცესისა და დისტრიბუციისა, კომპანია ეწევა სხვა კომერციულ საქმიანობას. მისი ეგიდით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ტარდება ტრად. ჩემპიონატები ფეხბურთსა და კალათბურთში, ეწყობა ტრად. ოლიმპიური სირბილის დღე და სხვ. ასევე ეწევა მასშტაბურ საქველმოქმედო საქმიანობას.
ლ. აბრამიშვილი