კოკელაძე გრიგოლ ირაკლის ძე (2. V. 1904, სოფ. პატრიკეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 24. I. 1988, თბილისი), კომპოზიტორი, ქართული ხალხური სიმღერების შემკრები, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1946). საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1937 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ვ. შჩერბაჩოვისა და ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასები). პედ. მოღვაწეობა დაიწყო 1928. 1937–41 იყო ხალხ. შემოქმედების რესპ. სახლის დირექტორი, 1941–48 – საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის ხელმძღვანელი, 1954–55 – საქართვ. ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1950–52 – საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის თავ-რე, 1956–58 – I სამუს. სასწავლებლის დირექტორი, 1958–59 – კულტ. სამინისტროს მუს. დაწესებულებათა განყ-ბის უფროსი.
კ.-ს ეკუთვნის საგუნდო და საფორტეპიანო ნაწარმოებები, კანტატები, სიმღერები. მან შეკრიბა, ჩაწერა და ნოტებზე გადაიტანა 2000-მდე ქართ. ხალხ. სიმღერა; მუს. ფონდმა გამოსცა მის მიერ ჩაწერილი „50 ქართული ხალხური სიმღერა“ (1979), „25 ქართული ხალხური სიმღერა“ (1985) და სხვ. ავტორია წიგნისა „ქართული ცეკვების ხალხურობა და მათი მუსიკალური თანხლება“ (1977).
დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (1984).
ლიტ.: ტორაძე გ., კოკელაძე გ., მუსიკალურ სამყაროში, თბ., 2010.