კოკილაშვილი ვახტანგ მიხეილის ძე

ვ. კოკილაშვილი 

კოკილაშვილი ვახტანგ მიხეილის ძე (1.V. 1938, თბილისი, – 16. V. 2022, თბილისი). მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2013; წ.-კორ. 1997), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1986). დამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1959) და მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში. 1990- იდან იყო ინ-ტის მათ. ანალიზის განყოფილების გამგე, 1989–2006 – ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 2014–19 – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. მათ. და ფიზ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი.

კ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა: ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი, არაწრფივი ჰარმონიული ანალიზი და ფუნქციათა აპროქსიმაციის თეორია, ინტეგრალური ოპერატორები წონიან ფუნქციურ სივრცეებში, მათ. ფიზ. სასაზღვრო ამოცანები. განსაკუთრებით აღსანიშნავია კ-ის წვლილი ორწონიანი ამოცანის ამოხსნაში წილადური ინტეგრალებისათვის, ოპერატორთა ასახვის თვისებების დადგენაში არასტანდარტულ ფუნქციურ სივრცეებში, ფუნქციათა აპროქსიმაციისა და ანალიზური ფუნქციების სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევაში და სხვ.

კ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 9 მონოგრაფიისა. მონოგრაფიების უმრავლესობა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჰონკონგი, სინგაპური, ნიდერლანდები და შვეიცარია). იყო მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესიის (1996, 98, 2002, 14, 18) მონაწილე. კ. 2014 იყო მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესიის (ICM2014) რეგიონალური ელჩი.

ა. რაზმაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1986).

თხზ.: Maximal functions and singular integrals in weighted function spaces (რუსულად), Metsniereba, Tbilisi, 1985; Weighted inequalities in Lorentz and Orlicz spaces (თანაავტ. M. Krbec,. World Scientific, 1991); Weight Theory for Integral Transforms on Spaces of Homogeneous Type (თანაავტ. I. Genebashvili, A. Gogatishvili, and M. Krbec), Pitman Monographs and Surveys in Pure and Applied Mathematics. Addision Wesley Longman 1998, 234 pages. Boundary Value Problems for Analytic and Harmonic Functions in Domains width Non-Smooth Boundaries. Applications to Conformal Mappings. Mem. Differential Equations Math. Phys. 14 (1998), 1-195 (თანაავტ. G. Khuskivadze and V. Paatashvili); Bounded and Compact Integral Operators (თანაავტ. D. Edmunds, A. Meskhi). Mathematics and Applications, Kluwer, Dordrecht, 2002; Weighted Norm Inequalities for Integral Transforms with Product Kernels. (თანაავტ. A. Meskhi and L. E. Persson), Nova Science Publishers, New- York, USA, 2010; Boundary Value Problems for Analytic and Harmonic Functions in Nonstandard Banach Function Spaces (თანაავტ. თ. პაატაშვილი) Nova Science Publishers, New-York, USA, 2012; Integral Operators in Non-standard Function Spaces, vols. 1, 2, (თანაავტ. A. Meskhi, S, Samko, H. Rafeiro), Birkhauser, 2016.

ა. მესხი