კოკოჩაშვილი ვიქტორ ივანეს ძე [30. X (12. X), 1904, ქუთაისი, – 17. IV. 1986, თბილისი], ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1944),საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1922 დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო თსუ-ის პედ. ფაკ-ტის ქიმიურ-ფარმაკ. განყ-ბაზე, რ-იც 1928 დაამთავრა.
1927–28 კ. მუშაობდა თსუ-ის არაორგანული ქიმ., ხოლო 1929–30 – ფიზ. ქიმ. კათედრაზე. თანამშრომლობდა ლ. პისარჟევსკისთან. 1931 დაინიშნა ქ. დნეპროპეტროვსკის ქიმია-ტექნოლ. ინ-ტის არაორგანული ქიმ. კათედრის დოცენტად. 1936 დისერტაციის დაცვის გარეშე მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი. 1943 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „წყალბადისა და ბრომის ნარევის წვის მოვლენის შესწავლა“. 1935–73 იყო თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრის გამგე.
კ-მა მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა ქიმ. კინეტიკის დარგში, კერძოდ, აალებისა და ალის გავრცელების საკითხებზე. მიიჩნევა საქართველოში ამ სამეცნ. მიმართულების დამფუძნებლად. იყო ნ. სემიონოვის (ნობელის პრემია, 1956) სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. წყალბადისა და ქლორის ნარევის ფოტოქიმიური რეაქციის კინეტიკის კვლევისას აღმოაჩინა სარეაქციო ჯაჭვების ურთიერთქმედება მაღალი ინტენსივობის სინათლეზე. წყალბადსა და ბრომს შორის რეაქციის შესწავლით ექსპერიმენტულად დაადგინა ამ აირების ნარევის თვითაალების ზღვრები, ალის ფრონტის არამდგრადობა, ინერტული და აქტიური მინარევების გავლენა აალების ზღვრის მნიშვნელობაზე, გავრცელების სიჩქარეზე და სხვ. ჩამოაყალიბა შესაბამისი თეორია (1951). მისმა მიღწევებმა ხელი შეუწყო აირების წვისა და დეტონაციის თეორიის ჩამოყალიბებას.
კ. სამეცნ. ნაშრომების, რამდენიმე სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორია; კომენტარები დაურთო ვახტანგ VI-ის თხზულებას „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის“ (1981) და სხვ.
თხზ.: ქიმია უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის, გამოც. 7, თბ., 1964–83; არაორგანული ქიმიის კურსი, ნაწ. 1-3, თბ., 1966-70;ფიზიკური ქიმიის სამტომეული, თბ., 1972–76; არაორგანული ქიმიის ორტომეული, თბ., 1988.