კოკოჩაშვილი მერაბ არჩილის ძე

მ. კოკოჩაშვილი

კოკოჩაშვილი მერაბ არჩილის ძე (დ. 21. III. 1935, თბილისი), კინორეჟისორი, სცენარისტი. საქართვ. სახალხო არტისტი (1983), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1987). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (გ. შიროკოვის სახელოსნო, 1960).

მ. კ ო კ ო ჩ ა შ ვ ი ლ ი. კადრი ფილმიდან "დიდი მწვანე
ველი". 1967

გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: „ხმელი წიფელი“ (ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით, 1957, ახალგაზრდობისა და სტუდენტობის საერთაშ. ფესტივალის ვერცხლის მედალი, 1960), „არდადეგებზე“ (1962), „მიხა“ (მ. ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსის“ მიხედვით, 1965), „დიდი მწვანე ველი“ (1967, პრიზი რეჟისურისთვის, კინოფესტივალი „პრომეთე“, ერევანი, 1968), „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1981), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ (ნ. დუმბაძის რომანის „ნუ გეშინია, დედას“ მიხედვით, 1973), „მწვერვალი“ (1976), „ნუცას სკოლა“ (2000), ვარიაცია „ოტელოს“ თემაზე (2003), „უსუი“ (2005), „ღვინის აკვანი“ (მხატვ.-დოკ. 2011). დოკუმენტური ფილმები: „მწვერვალი“ (1973), „გზა“ (1983, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1987), „ფენომენი“ (1992), „საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია“ (1996), „დაგვიანებული კადიში“ (2002), „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ!“ (2006), „ქართველი მამლუქები ეგვიპტეში“ (2007), „ივანე ჯავახიშვილი“ (2016) და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „სახლი სიხარულისა“ (2008). კ., როგორც მსახიობი, გადაღებულია ფილმებში: „გიორგი სააკაძე“ (პატარა პაატა სააკაძე, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1942–43), „არ იდარდო!“ (პორუჩიკი იშხნელი, რეჟ. გ. დანელია, 1969), „მწვერვალი“ (თემური). კ-ის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს ტრადიციებისადმი ზნეობრივი დამოკიდებულება და თაობათა ურთიერთობა, პიროვნების თავისუფლება, ყოფიერების საზრისი და ადამიანის დანიშნულება, თავისუფლების ფასი და იმ ღირებულებების ერთგულება, რ-იც ერის მომავალი განვითარების საწინდარია. 

კ. იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი (1976–96), საქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი (1976–2005), თსუ-ის კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნ.- კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი (1992–2006), ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორი (2015-იდან). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ლიტ.: მერაბ კოკოჩაშვილი. კრ., თბ., 2005.

მ. კერესელიძე