კოკოჩაშვილი პეტრე-პავლე ივანეს ძე (1832, ქუთაისი, – 1916, იქვე), მრეწველი. განათლება ქუთაისელ კათოლიკე ბერებთან მიიღო და მათგან შეისწავლა საექიმო და სააფთიაქო საქმე. ასევე თავი გამოიჩინა სავაჭრო და სამრეწველო ასპარეზზე.
კ-ის დამსახურებით 1869 წ. 22 იანვარს ქუთაისში გაიხსნა პირველი აფთიაქი (ახლანდ. №8 აფთიაქი,) რ-იც იმ დროისათვის ერთადერთი იყო ქუთაისის გუბერნიაში. იგი იყო პირველი ქართველი, რ-საც ამ პერიოდისათვის საკუთარი აფთიაქი ჰქონდა საქართველოში. ქუჩას, სადაც აფთიაქი გაიხსნა, შემდგომში აფთიაქარის ქუჩა ეწოდა. კ-ს სერიოზული კომერციული კავშირები ჰქონდა საერთაშ. დონეზე და მედიკამენტურ მოწყობილობებს იძენდა რუსეთიდან, კონსტანტინოპოლიდან, ბერლინიდან და ვენიდან.
კ-მა თავის საქმიანობაში ადრეული ასაკიდან ჩააბა თავისი ვაჟიშვილები: ლევანი, ივანე, ზაქარია და ვასილი (აქედან პირველი სამი პროვიზორი იყო). ამან განაპირობა ის, რომ XIX ს-ის 60-იანი წლებიდან კ-ის გაერთიანებას „ძმები კოკოჩაშვილების წარმოება“ ეწოდა. 1871 წ. 11 ნოემბრიდან საფთიაქო საქმიანობა კ-მა პროვიზორ ც. ივანოვსკის მიანდო, 1880 წ. 8 აგვისტოდან კი აფთიაქის მმართველად დაინიშნა მისი უფროსი ვაჟი – ლევანი. მალე კ-ისხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა მისი საქმიანობა. მოგვიანებით მისი აფთიაქები გაიხსნა ტყიბულში (1875), შემდეგ ბათუმში, უწერაში და ა. შ., 1890 კი – სააფთიაქო და ქირურგიული აპარატურის მაღაზია ქუთაისში. ამჟამად ქუთაისის №8 აფთიაქი პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის სახელს ატარებს, რ-იც ქუთაისის საპატიო მოქალაქეებისა და ქალაქის სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნით მიანიჭეს.
კ-ს წარმატებები ჰქონდა ვაჭრობაშიც. იმერეთიდან აგზავნიდა ბამბას, ასევე სხვადასხვა მასალას და საქონელს. ამასთან დაკავშირებით ბევრს მოგზაურობდა ევროპაში.
ლიტ.: ჟღენტი ვ., გელბახიანი პ., ტატიშვილი ი., მედიცინის განვითარება საქართველოში და ქართველი ექიმები, თბ., 1971; ჭიჭინაძე ზ., ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა, თფ., 1905;.