კონსერვაცია

კონსერვაცია (ლათ. conservare – შენახვა, შენარჩუნება), ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტს დიდი ხნით უნარჩუნებს პირვანდელ ან კ-ის დაწყებამდე არსებულ სახეს. კ. უტარდება ხელოვნების ნიმუშებსა და ისტ. დოკუმენტებს (კულტურის ძეგლი, არქეოლოგიური მონაპოვარი, არქიტექტურის, სახვითი, ხელნაწერი, ძველნაბეჭდი, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ძეგლები), ასევე დაუმთავრებელ მშენებლობას, სამეცნ. და სამრეწვ. მანქანა-დანადგარებსა და საწარმოებს, ფუნქციონირების დასრულების შემდეგ ან მათი მოქმედების გარკვეული დროით შეჩერებისას, მ. შ. გარემოზე შესაძლო მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. მრეწვ. და სოფლის მეურნ. პროდუქციის კ. მიზნად ისახავს ამ პროდუქციის შენახვას ხანგრძლივი დროით, მისი სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებით.

საქართველოში სამუზეუმო კოლექციების, არქეოლ. და ეთნოგრ. ნივთების, ფერწერის, ტემპერისა და გრაფიკის, ქსოვილების და ნაქარგობის, თანამედროვე ფერწერის საკონსერვაციო სამუშაოებს წარმართავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაციისა და კ-ის კვლევითი ინ-ტი (ხელმძღვ. ნ. კალანდაძე). აქ შემუშავდა და გამოიცა პრევენციული კ-ის სტანდარტები და შეიქმნა საბაზისო ინფრასტრუ-ქტურა კოლექციების საკონსერვაციოდ. რეაბილიტირებულია და ფუნქციონირებს კვლევითი სარესტავრაციო ლაბორატორიები ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, ო. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. 2009–11 თბილისში შეიქმნა ფოტომასალების კ-ისა და რესტავრაციის და პალეონტოლ. მასალის ასლების დამზადებისა და რესტავრაციის ორი ახალი ლაბორატორია. 2011–20 საქართვ. ეროვნ. მუზეუმმა შექმნა კ-ის და რესტავრაციის კვლევითი ლაბორატორიების სრულიად ახ. ინფრასტრუქტურა რეგიონულ (ბოლნისი, ვანი და სვანეთი) მუზეუმებში.

XX ს. 60-იანი წლების ბოლოს ნ. იაშვილმა შეიმუშავა კ-ის მეთოდი მის მიერვე სინთეზირებული სილიციუმორგანული გამჭვირვალე პოლიმერებით ხის ნიმუშების, არქეოლ. და ისტ. ბოჭკოს ქსოვილების ექსპონატებისა და ეთნოგრაფიულ ხის ნივთებზე წარწერების დასაცავად. ამ მეთოდით (თანამშრომლებთან ერთად), შეასრულა ფართომასშტაბიანი სამუშაოები [ვახტანგ VI-ის ტანსაცმლის გადარჩენილი ფრაგმენტები, თეიმურაზ II-ის საფლავიდან (ასტრახანი, რუსეთი) ამოღებული ქსოვილის ფრაგმენტები, ძვ. ქართული წარწერები უძველეს ხის ჭურჭელსა და ეთნოგრ. ნიმუშებზე (XI–XV სს.)]. შემუშავებულმა მეთოდმა და მიღწეულმა შედეგებმა სპეციალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია (საერთაშ. სამეცნ. კონფერენციები ვენეციაში, 1975; ზაგრებში, 1978 და სხვ.).

ისტ. და სხვა მნიშვნელოვან ხელნაწერთა კ-ს ატარებს კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ძველ ხელნაწერებს ხშირად აქვს დაზიანებები (ფურცლების დეფორმაცია, საღებავის ფენის ჩამოშლა, გაფხვიერება, ფურცლის მონაკვეთების სხვადასხვა ზომის დანაკარგი, ზედაპირული დაბინძურება, ლაქები –- სანთლის ნაღვენთი, ნესტის შედეგად დალაქავება და სხვ.) და საჭიროებს კ-ს (ფერწერის მონაკვეთების ლოკალური გამაგრება, ფერწერისა და საფუძვლის ფენას შორის დაკარგული კავშირის აღდგენა სათანადო შემაკავშირებლის საშუალებით და სხვ.). ამისთვის იყენებენ ისეთ მასალას, რ-იც კარგად ჩააღწევს ფერწერის, და საფუძვლის ფენებს შორის, არ წარმოქმნის ლაქებს და შემდგომში არ იწვევს ფერწერის დეფორმაციას.

მნიშვნელოვანი ხელნაწერის გამოფენისათვის ზოგჯერ ამზადებენ მულაჟს – დედნის ყდისა და რამდენიმე გვერდის იდენტურ ასლს, რ-იც ვიზუალურად არ განირჩევა ორიგინალისგან. იგი მზადდება დედნის ანალოგიურ მასალაზე და მასზე დაიტანება ორიგინალის ყველა დეტალი, მ. შ. ნაკლული, გაცრეცილი, გახეული თუ ფერდაკარგული ადგილები, ლაქებიც და სანთლის ნაღვენთებიც, რომ მნახველს შეეძლოს სრული წარმოდგენა შეიქმნას ორიგინალზე. დედანი ხელნაწერი კი ინახება მექან. ან სხვა ტიპის დაზიანებებისგან დაცულ პირობებში – საცავში, სადაც შექმნილია ჰაერის ტემპ-რის, ტენიანობისა და ქიმ. შედგენილობის, ასევე განათების საგანგებო რეჟიმი.

ხელნაწერთა კ-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელნაწერთა ციფრული ასლების შექმნა. მკვლევრები და სხვა მომხმარებლები მუშაობენ ასლთან და ხელნაწერს ეხებიან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში დიჯიტალიზაციის ლაბორ. ფუნქციონირებს 1999-იდან. შესრულებულია ფონდების მნიშვნელოვანი ნაწილის დიჯიტალიზაცია, პირველ რიგში, განსაკუთრებული და ძლიერ დაზიანებული ხელნაწერებისა. ორიგინალი ხელნაწერის დიჯიტალიზაციამდე აუცილებელია მისი კ.

2010–11 ლ. ქავთარაძისა და ლ. სიხარულიძის ხელმძღვანელობით ნაწილობრივი კ. ჩაუტარდა ერთ-ერთ გამორჩეულ ქართ. ხელნაწერს – ჯრუჭის II ოთხთავს (იხ. სტ. ჯრუჭის ოთხთავი). 2014 დასრულდა მოქვის სახარების (1300) საკონსერვაციო სამუშაოები. მანამდე, ხუთწლიანი კვლევით დადგინდა, რომ კ-ს მოითხოვდა ხელნაწერის ფურცლების 98,4% და 157 მინიატიურიდან – 115. 2011–13 რესტავრაციის ლაბორ. თანამშრომლებმა გერმ. (მ. ლიდკე, ა. პატაკი-ჰუნდტი) და შვეიცარიელი (ა. ჯიოვანინი) ექპერტ-კონსულტანტების მონაწილეობით შეასრულეს მოქვის ოთხთავის მინიატიურების კ. 2014 დამზადდა და გამოიცა დაკონსერვებული სახარების ციფრული ასლი.

2005–20 საქართვ. ისტ. ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა დააფინანსა 950-ზე მეტი ქართული და საქართვ. ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ათეული არაქართ. არქიტ. ძეგლის კ-ისა და სარესტავრაციო სამუშაოები. კ. ჩაუტარდა მრავალ არქეოლოგიურ ძეგლს. მათ შორისაა: ათეშგა (კლდისუბანი, თბილისი), არმაზციხის სვეტებიანი დარბაზი და არმაზისხევის აბანო, გონიოს ციხის (აჭარა) ტერიტორიაზე გათხრილი ნაგებობების ნაშთები, ვანის ნაქალაქარი, პეტრა – ციხისძირის სასიმაგრო კედლები, ძალისის სასახლე და მოზაიკა და სხვ. კ. ჩაუტარდა ასევე მონუმენტური მხატვრობისა და მოზაიკის ნიმუშებს.

2002 მნიშვნელოვანი კონსერვაციული სამუშაოები შესრულდა ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტის გაჩერებული კვლევითი ბირთვული რეაქტორის (მცხეთა) ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (შ. აბრამიძე, ზ. სარალიძე, ნ. ქათამაძე). ატომური ენერგიის საერთაშ. სააგენტოს რეკომენდაციით, განიხილება მსოფლიოში მოქმედი სხვადასხვა კონსტრუქციისა და ტიპის ბირთვულ დანადგარებზე ქართვ. მეცნიერთა მიერ გამოყენებული კ-ის სქემის დანერგვის შესაძლებლობა.

კვების მზა პროდუქტების, ნახევარფაბრიკატებისა და სას.-სამ. პროდუქციის კ-ისთვის გადამწყვეტია სასაწყობე სივრცეში ტემპერატურული რეჟიმის, ჰაერის ტენიანობისა და ქიმ. შედგენილობის ოპტიმალური შერჩევა და შენარჩუნება. უმრავლეს შემთხვევაში ამისთვის იყენებენ დიდ მაცივებელ დანადგარებს, სადაც ხორციელდება აირის ტენიანობისა და შედგენილობის კონტროლი და რეგულირება. საქართველოში, ტრადიციულად, სოფლის მეურნ. პროდუქციის კ-ისთვის იყენებდნენ და იყენებენ მის წინასწარ თერმულ ან/და ამა თუ იმ ქიმ. და ბიოქიმიურ დამუშავებას. 2017–22 წწ-ში საქართვ. სხვადასხვა რეგიონში (გარდაბანი, მცხეთის მუნიციპ., წალკა და სხვ.) სხვადასხვა კულტურის კ-ისთვის შპს „ინოსისტემსმა“. საერთაშ. სტანდ. გათვალისწინებით დააპროექტა და დაამონტაჟა რამდენიმე დიდი მაცივარი დანადგარი. სოფლის მეურნ. პროდუქციის კ-ს ახორციელებენ კერძო მეწარმეები და შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კომპანია.

კ-ის სპეციალისტებს ამზადებს საქართვ. სამხატვრო აკადემია, თსუ-ის ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტები, სტუ-ის ქიმ. ტექნოლ. ფაკ-ტი, საქართვ. აგრარული უნ-ტი.

ლიტ.: ბერდუკუ მ., კონსერვაცია არქეოლოგიაში, თბ., 2016; თავაძე შ., ეტრატზე შესრულებული საბუთის სტრუქტურული ანალიზი და რესტავრაცია-კონსერვაციის შედეგი, მასალები საერთაშ. კონფ. „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“, თბ., 2017; Хранение и технология сельскохозяйственных продуктов, ред. Л. А. Трисвятский, М., 2003.

ნ. კიტოვანი

გ. მარსაგიშვილი