კოკოჩაშვილი შალვა ვასილის ძე (1890, ქუთაისი, – 1955, იქვე), ბავშვთა ფთიზიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი და საზოგადო მოღვაწე. 1913 დაამთავრა პეტერბურგის სამხ. სამედ. აკადემია. 1920 იყო აბასთუმნის სანატორიუმის დირექტორი; 1925–26 – ქუთაისის ჯანდაცვის დედათა და ბავშვთა დაცვის განყ-ბის გამგე; 1931–38 – ქუთაისის მთავარი პედიატრი; 1937–38 – თავისივე დაარსებული ქუთაისის ბავშვთა პირველი საავადმყოფოს მთ. ექიმი; სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ (1925) ტუბერკულოზური დისპანსერის ბავშვთა განყ-ბას. ბავშვთა ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და დაავადებასთან ბრძოლის საქმეში კ. იყენებდა ბაქტერიოფაგით მკურნალობის ახ. მეთოდებს. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩატარდა ორგანიზებული აცრები ბაგა-ბაღებსა და სკოლებში. ეწეოდა აქტიურ საზ. მოღვაწეობას. მეუღლესთან, ნ. ჩოლოყაშვილთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებაში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: გიორგაძე ვ., ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება, თბ., 1973.