კოლა

კოლა, მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავს მდ. მტკვრის სათავის ქვაბულს (ახლანდ. თურქეთის ტერიტ.). სავარაუდოდ, სახელწოდება წარმოდგება კოლხას ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენი მოსახლეობაც დასავლურ-ქართული უნდა ყოფილიყო. იბერიის (ქართლის) სამეფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV ს.) კ. მისი შემადგენელი ნაწილი გახდა, წარმოადგენდა სამხ.-ადმ. ერთეულს და შედიოდა წუნდის საერისთავოში. ძვ. წ. II–I სს-ში კ. სომხ. სამეფოს მფლობელობაში იყო, ახ. წ. I–II სს-ში იბერიას დაუბრუნდა. უძველესი დროიდან კ-ზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა, რ-იც საქართველოს წინა აზიასთან აკავშირებდა. IX–XI სს- ში ქართველთა საკურაპალატოში შედიოდა. XI ს. დასაწყისში კ-ში მოხდა დიდი ბრძოლა მეფე გიორგი I-ისა და ბიზანტიის კეისარ ბასილის ლაშქარს შორის (იხ. სტ. შირიმნის ბრძოლა 1021). XII ს-ში აქ საქართვ. მეფეებს საზაფხულო სადგომი ჰქონდათ. კ-ს მხარეში, სოფ. დადაშენში, იყო დადაშენის საეპისკოპოსოს კათედრალი. XVI ს-ში კ. საქართვ. სხვა ტერიტ. ნაწილებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; ქართლის ცხოვრება, მთ. რედაქტორი რ. მეტრეველი, თბ., 2008.

დ. მუსხელიშვილი