კოლელიშვილი ზაზა (ზაქარია) ვიქტორის ძე (დ. 11. I. 1957, თელავი), თეატრისა და კინოს მსახიობი, კინორეჟისორი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1982) და კინოფაკულტეტი რეჟისურის სპეციალობით (1996). მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. (1975–78; 1982–85) და შოთა რუსთაველის სახ. (1985–92) თეატრებში. თელავის თეატრში შესრულებული როლებია: მურტალო (ნ. დუმბაძის „კუკარაჩას“ მიხედვით); ხვთისო (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ფერდინანდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ამირანი (შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი“) და სხვ. შოთა რუსთაველის თეატრში: სტუდენტი (მ. შატროვის პიესის მიხედვით „ ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“), ოტტო (მ. კვესელავას „ას ერგასის დღე“), სიმონ ჩაჩავა (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“) და სხვ.
კ-ის მნიშვნელოვანი კინოროლებია: შეთე („ნატვრის ხე“, რეჟ. თ. აბულაძე, 1976), მურტალო („კუკარაჩა“, რეჟ-ები: ს. და ქ. დოლიძეები, 1982), გიგო („კაშხალი მთაში“, რეჟ. ნ. მანაგაძე, 1979), ოსურაული („დედუნა“, რეჟ. დ. ჯანელიძე, 1985), ჟორჟ ბერძენიშვილი („ხარება და გოგია“, რეჟ. გ. შენგელაია, 1987), იაკობ ჯუღაშვილი („ომი ყველასთვის ომია“, რეჟ. დ. აბაშიძე, 1990). მონაწილეობს ტელესერიალებში. როგორც რეჟისორმა გადაიღო მხატვრული („გარიგება“, 1992; „არჩევანი“, 2003; „ორი ხევსური“, 2006; „გარიგება ოცი წლის შემდეგ“, 2011), დოკუმენტური („საქართველო ჩემს გულში“, 2001, „მოდი, ნახე საქართველო“, 2003; სადილი ჯორჯ ბუშთან, 2005). კ-მ შექმნა შთამბეჭდავი ვიზუალითა და ძლიერი ტემპერამენტით დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები. კინოფესტივალზე „ოქროს არწივი“ მიღებული აქვს პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის („ისინი“, რეჟ. ზაქარეიშვილი, 1992).