კოლექტივიზაცია

კოლექტივიზაცია, წვრილი ინდივიდუალური გლეხური მეურნეობების მსხვილ კოლექტივებად გაერთიანებისა და გარდაქმნის პროცესი სსრ კავშირში.

საკავშ. კპ(ბ) მე-15 ყრილობამ (2–19. XII. 1927) გზა გაუხსნა სოფლის მეურნეობის მასობრივ კ-ს. საკოლმეურნეო მოძრაობაში გარდამტეხი ეტაპი დაიწყო 1929- იდან. საბჭოთა რესპუბლიკების სამეურნეო თავისებურებების, კ-თვის მზადყოფნის სხვადასხვა დონის გათვალისწინებით, სსრკ-ის რეგიონები სამ ძირითად ჯგუფად დაიყო. საქართველო მესამე ჯგუფში შევიდა, სადაც კ-ის დამთავრება ყველაზე გვიან – 1933 იყო ნავარაუდევი.

საკოლმეურნეო მშენებლობაში დახმარების გასაწევად ქალაქებიდან საქართვ. სოფლებში მიავლინეს 400 მუშა. 1929 ოქტომბრისთვის საქართვ. კოლმეურნეობებში 524 ტრაქტორი მუშაობდა, წლის ბოლოს კი კოლექტიურ მეურნეობებში გაერთიანებული იყო 297 206 გლეხური მეურნეობა, რ-თა განკარგულებაში იყო 25,5 ათ. ჰა მიწა.

კომპარტიის დავალებით სსრკ-ის რეგიონებში, მ. შ. საქართველოშიც, იმ წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აიღეს დავალების ვადაზე ადრე გადაჭარბებით შესრულების კურსი. კ-ის ტემპის ხელოვნურმა დაჩქარებამ, ამავე დროს, გაკულაკების პროცესის ვადაზე ადრე დაწყებამ (საბჭ. ხელისუფლება კულაკობის შეზღუდვის პოლიტიკიდან მისი, როგორც კლასის, ლიკვიდაციის პოლიტიკაზე გადავიდა) ნებაყოფლობის პრინციპის დარღვევა გამოიწვია. საშუალო გლეხობის დაშინების მცდელობამ, მათი „შავ სიაში“ შეტანის, ხმის უფლების ჩამორთმევის მუქარამ და ხელისუფლების მხრიდან სხვა ძალადობრივმა ქმედებებმა კულაკობისა და საშუალო გლეხობის ნაწილის საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რასაც მოჰყვა ხელისუფლების აქტივისტების მკვლელობები, საკოლმეურნეო ქონების გადაწვა და სხვ. ამ დროს, სტალინის აღიარებით, „საბჭოთა ხელისუფლება ბეწვზე ეკიდა“. კულაკებმა და საშუალო გლეხებმა მასობრივად დახოცეს საკუთარი პირუტყვი, რამაც აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა მეცხოველეობას. 1931 საქართველოში წინა წელთან შედარებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა 10,7 %-ით (მ. შ. კამეჩის – 24,6 %-ით), ცხვრის – 33,5 %-ით, თხის – 31,1%-ით, ღორის – 44,3 %-ით. გამონაკლისი იყო მხოლოდ ცხენების რაოდენობა, რ-მაც 106 ათასიდან 150 ათასამდე იმატა. მსხვილი კულაკური მეურნეობების მოშლამ შეამცირა მარცვლეულის მოსავლიანობაც.

1930 წ. 2 მარტს პრესაში გამოქვეყნდა სტალინის წერილი „თავბრუდახვევა წარმატებებისგან“, 3 აპრილს დაიბეჭდა მისივე „პასუხი ამხანაგ კოლმეურნეებს“. ამ წერილებმა არსებითი როლი შეასრულა საკოლმეურნეო მოძრაობაში დაშვებული შეცდომების გამოსწორების თვალსაზრისით. 1930 დაიწყო ხელოვნურად შექმნილი კოლმეურნეობების დაშლა. საქართველოში მათი რაოდენობა 129 ერთეულით შემცირდა. კოლმეურნეთა რიგები დატოვა არაერთმა საშუალო გლეხმა. ვითარება რამდენადმე გამოსწორდა, თუმცა უხეში ადმინისტრირება და ძალდატანება საშუალო გლეხების მიმართ არც ამის შემდეგ შეწყვეტილა.

1933-იდან, ანუ კ-ის ძირითადი ეტაპის დამთავრების შემდეგ, საქართვ. კოლექტიურ მეურნეობებში გაერთიანებული იყო გლეხური მეურნეობების დიდი ნაწილი. კ-ის პროცესი საქართველოში 1937 დასრულდა.

საბჭ. ხელისუფლების მხრიდან კოლექტიური მეურნეობებისადმი პროტექციონისტულმა პოლიტიკამ, რასაც იძულებითი მეთოდების მასობრივი გამოყენებაც ახლდა, თავდაპირველად პოზიტიური როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის ეკონ. დაწინაურების, განსაკუთრებით კი სოფლად სოც. თანასწორობის დამყარების საქმეში. კ-მ საშუალება მისცა ხელისუფლებას მკვეთრად გაეზარდა სასაქონლო მარცვლეულის წარმოება – პურით მოემარაგებინა წითელი არმია და ქალაქები; უზრუნველეყო ინდუსტრიალიზაციის პროგრამის განხორციელება. 1928 მარცვლეულის მოსავალმა ქვეყანაში 4,5 მლრდ. ფუთი შეადგინა, მარცვლეულის სახელმწ. დამზადებამ კი – 680 მლნ. ფუთი. 1932–33 მოსავალი 4,3 მლრდ. ფუთს არ აღემატებოდა, სახელმწ. ბეღელში კი 1,3 მლრდ. ფუთი მარცვლეული შევიდა. საბოლოო ჯამში ეკონ. კანონების უგულებელყოფით განხორციელებულმა კ-მ დამღუპველად იმოქმედა სოფლის მეურნეობაზე. გამოფიტა და უაღრესად შეზღუდა saqarTv. სოფლის მეურნეობის ნორმალური განვითარება. კულაკური მეურნეობის გაუქმებამ მნიშვნელოვნად შეამცირა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, კატასტროფულად დაეცა მეცხოველეობის დონე. სსრკ- ში ნაძალადევი კ-ის შედეგად რამდენიმე მლნ. ადამიანი დაიღუპა, გაკულაკდა 1 მლნ. გლეხური მეურნეობა. გლეხთა ფენიდან ძალით განდევნეს მისი ყველაზე გამოცდილი და განათლებული ნაწილი.

ლიტ.: ბლუაშვილი უ., საქართველოს ისტორია 1900–2016, თბ., 2016; ნათმელაძე მ., დაუშვილი ა., საქართველოს უახლესი ისტორია, თბ., 2004; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 7, თბ., 1976; История коллективизации селъского хозяиство Грузинскои ССР. (1927–1932), Гл. Ред. П . В. Гугушвили, Тб., 1970.

უ. ბლუაშვილი