კოლიზიური ნორმა

კოლიზიური ნორმა, ნორმა, რომელიც მიუთითებს, თუ რომელი ქვეყნის კანონი უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში.

კ. ნ-ით გადაიჭრება სამართლის არჩევის საკითხი მხოლოდ საერთაშ. კერძო სამართალში, მას საკოლიზიო სამართალსაც უწოდებენ და გამოიყენება იმ სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, რ-ის მონაწილე ერთ-ერთი მხარე უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. კ. ნ-ს მიზანია დაადგინოს ის სამართალი, რ-იც მოაწესრიგებს სამართალურთიერთობას უცხოური ელემენტის მონაწილეობით. კ. ნ. უფლებას აძლევს მხარეებს, რომელიმე ქვეყნის სამართლის არჩევით გვერდი აუარონ საქმის განმხილველი ქვეყნის სამართლის (lex fori) იმპერატიულ ნორმებს. უცხო ქვეყნის სამართალზე მითითებით, მხარეები ირჩევენ ამ სამართლის როგორც იმპერატიულ, ისე დისპოზიციურ ნორმებს. კ. ნ-ის გამოყენება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სამართალწარმოების ქვეყნის სასამართლო სისტემა (lex fori) უშვებს ამ შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლის არჩევა არ წარმოშობს იურიდ. შედეგებს. სამართლის არჩევის უფლება ასახულია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში შემდეგი ნორმის სახით: „სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით“ (35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი).

ქართულ იურიდ. მეცნიერებაში კ. ნ-ის ანალოგიური მნიშვნელობით ასევე გამოიყენება „საკოლიზიო ნორმა“ (ისევე, როგორც „საკოლიზიო სამართალი“).

ლიტ.: იოსელიანი ა., მოქნილი მეთოდის უპირატესობა ხისტ მეთოდთან შედარებით სახელშეკრულებო საკოლიზიო სამართალში, სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2010.

ი. უჯმაჯურიძე