კოლიზიური საბამი, კოლიზიური ნორმის შემადგენელი ნაწილი. შეიცავს მითითებას იმ კანონზე (სამართლებრივ სისტემაზე), რ-იც გამოყენებული უნდა იყოს ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში.
კოლიზიური სამართლის ნორმები (საკოლიზიო ნორმები) შედგება ორი ნაწილისგან: მოცულობა (მას „საგანსაც“ უწოდებენ) და საბამი. კ. ს. არის ნორმის ნაწილი, ანუ მითითება იმ სამართალზე, რ-იც გამოიყენება იმ სახის ურთიერთობის მიმართ, რ-საც ეს ურთიერთობა მიებმება (მიემაგრება). მაგ., „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართვ. კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადების ნორმაში: „ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება“. სიტყვები: „ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა“ შეადგენს ამ ნორმის მოცულობას, ხოლო – „წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება“, არის ამ ნორმის საბამი.
კ. ს. მრავალგვარია და ერთმანეთისგან განირჩევა მიმაგრების ფორმულების (კოლიზიური პრინციპების) მიხედვით.
გავრცელებული მიმაგრების ფორმულებია: ფიზიკური პირის პირადი კანონი (lex personalis). კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნები ფიზიკური პირის პირადი კანონის განსაზღვრისას უპირატესობას ანიჭებენ ფიზიკური პირის მოქალაქეობის ქვეყნის კანონს (lex patriae, lex nationalis), ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნები კი – საცხოვრებელი ადგილის კანონს (lex domicilii).
იურიდ. პირის მიმართ გამოიყენება იურიდიული პირის პირადი კანონის (lex societatis) მიმაგრების ფორმულა, სანივთო და მემკვიდრეობით ურთიერთობებში კი – ნივთის ადგილსამყოფელის ქვეყნის პრინციპი (lex rei sitae). ხელშეკრულების დადების ადგილის კანონის (lex loci contractus) მიმაგრების ფორმულის მიხედვით სამართლებრივი ურთიერთობა წყდება იმ ქვეყნის კანონით, სადაც დაიდო ხელშეკრულება. ვალდებულების შესრულების ადგილის კანონის (lex loci solutions) მიმაგრების ფორმულის მიხედვით, გადამწყვეტია იმ ქვეყნის სამართალი, სადაც უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულება. არაერთგვაროვანია მიდგომა, თუ რომელი ქვეყნის კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ზიანის მიყენების დროს – ზიანის მიყენების ადგილის კანონი (lex loci delicti commissi), თუ ის სამართალი, სადაც დადგა ზიანი. საქართველო მხარს უჭერს შუალედურ მიდგომას – ალტერნატივის სახით უშვებს როგორც ზიანის მიყენების ადგილის, ისე ზიანის დადგომის ქვეყნის სამართლის გამოყენებას.
ლიტ.: გაბისონია ზ., ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, გამოც. მე-2, თბ., 2016; ლილუაშვილი თ., საერთაშორისო კერძო სამართალი, თბ., 2001.
ი. უჯმაჯურიძე