კოლონისტები

კოლონისტები. ასურეთი
(ყოფილი ელიზაბეტთალი). ვენაგელურლუთერანული
ეკლესია. 1871.

კოლონისტები, უცხო ეთნოსი, რომელიც ჩასახლებულია (ნებით ან ძალდატანებით) დაქვემდებარებულ ქვეყანაში.

საქართველოში უცხოტომელთა ჩამოსახლება ხდებოდა გვიანი ფეოდალიზმის პერიოდშიც, სამეფო ხელისუფლების ინიციატივით. მაგ., ალექსანდრე დიდის მიერ სომხების გადმოსახლება გაუკაცრიელებულ ტერიტორიაზე ან კიდევ ერეკლე II-ის მიერ ბერძნებისა და სომხების მიზნობრივი დასახლება.

კლასიკური გაგებით კ-ის ჩამოსახლებას საქართვ. ტერიტორიაზე სათავე დაუდო რუს. საიმპერატორო კარმა, როდესაც გააუქმა და თავის შემადგენელ ნაწილად აქცია თავდაპირველად ქართლ-კახეთის, ხოლო შემდეგ – იმერეთის სამეფო. იმპერიისათვის სასურველი დემოგრაფიული სიტუაციის შესაქმნელად და საქართვ. ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი კოლონისტის დასასახლებლად რუს. ხელისუფლებამ შექმნა სპეც. ორგანიზაცია – „გადასახლებულთა სამმართველოს ამიერკავკასიის განყოფილება“. ამის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ინტენსიურად ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ უცხოტომელები, რაც ჩანაფიქრისამებრ, მომავალში ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებას შეაფერხებდა.

დემოგრაფიული ცვლილების შედეგები ძალიან მალე გახდა საგრძნობი – კ. თავიანთ ვალდებულებას მხოლოდ რუსეთის სახელმწ. წინაშე გრძნობდნენ და არ აღელვებდათ saqarTv. ინტერესები – არ სწავლობდნენ ქართ. ენას და არ ეცნობოდნენ ქართულ კულტურას, თუმცა, ბუნებრივია, ქართველების მიმართ ცალკეული პირების დამოკიდებულება საკმაოდ მეგობრული და ურთიერთსასარგებლოც კი იყო.

გენ. ა. ერმოლოვის დროს, 1816–27, საქართველოში შეიქმნა 30- მდე „შტაბ-კვარტირა“ – სამხედრო დასახლება, რ-საც, თავის მხრივ, სათავე უნდა დაედო რუსული კოლონიზაციისათვის. რუსების მიზნობრივი დასახლება საქართველოს ტერიტ-ზე განსაკუთრებით გაძლიერდა 1837-იდან. შეიქმნა სამხ. კოლონიები იმ ჯარისკაცთაგან, რ-თაც 15 წლის სამსახურის შემდეგ დაოჯახების უფლება ეძლეოდათ. ჩამოსახლებული რუსები, როგორც წესი, კომპაქტურად არ სახლდებოდნენ. 1883 ბათუმის ოლქში სულ ორი კომპაქტური რუს. დასახლება იყო: „სმეკალოვკა“ (ქობულეთთან) და „ხოლოდნაია სლობოდა“ (ბათუმთან ახლოს). 1905 „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა, თითქოს კოლონიზაციის საგანგებო მიზანი იყო მხოლოდ რუს. კულტურისა და ენის გავრცელება. მაგრამ, ცხადია არეულობის შემთხვევაში აქ ჩამოსახლებული რუსები იმპერიის თვითმპყრობელური პოლიტიკის მთავარი დასაყრდენი იქნებოდნენ.

ერთ-ერთი პირველი კ. იყვნენ გერმანელები, რ-თა 31 ოჯახი (181 სული) თბილისში ჩამოვიდა 1817 წ. 31 სექტემბერს. ისინი სართიჭალის მახლობლად დაასახლეს. კოლონიას ეწოდა მარიენფელდი, ანუ მარიამის სოფელი. 1818 თბილისს გერმანელთა დიდი ტალღა მოაწვა (500 ოჯახი). 1819 ბოლოს საქართველოში ექვსი კოლონია განთავსდა, მ. შ. „თბილისის კოლონია“, ხელოსნებისგან შედგენილი 51 ოჯახი ქალაქის მაშინდელ გარეუბან კუკიაზე (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირის ტერიტორია) დასახლდა. 1852 ეს ტერიტორია ქალაქს მიეკუთვნა, ხოლო 1861-იდან კ-ს სარგებლობაში არსებული მიწები საკუთრებაში გადაეცათ. ალექსანდერსდორფის კოლონიაში (ეწოდა იმპ. ალექსანდრე I-ის პატივსაცემად) 23 ოჯახი ცხოვრობდა. კოლონია მდ. მტკვრის მარცხ. სანაპიროზე, თბილისის ჩრდ-ით, დიდუბის სახაზინო მიწებზე (ახლანდ. სამტრედიის ქუჩის მიდამოები) მდებარეობდა. პეტერსდორფის (ეწოდა იმპ. პეტრე I-ის პატივსაცემად) კოლონია (17 ოჯახი) დაარსდა მარიენფელდის მახლობლად. ელიზავეტტალის დასახლება (65 ოჯახი) შეიქმნა იმპ. ელისაბედის სახელობის დღეს (1818 ნოემბერი, აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც) და მდებარეობდა სომხითში (დღევანდელი ასურეთი); ეკატერინენფელდი (116 ოჯახი) მდებარეობდა ბორჩალოს მაზრაში, ბოლნისთან (სახელი ეწოდა იმპ. ეკატერინე II-ის პატივსაცემად). ჩამოსახლებულთა დიდი ნაწილი სწორედ ეკატერინენფელდში დამკვიდრდა. ამავე დროს, ეს ტერიტ. შეირჩა კოლონისტების ხელმძღვანელთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, რის გამოც იგი დიდი გავლენით სარგებლობდა კავკ. კ-ს შორის.

გერმანელების (ძირითადად ლუთერანები) ჩამოსახლება პერიოდულად მთელი XIX ს. განმავლობაში გრძელდებოდა. მოშორებით მდებარე კოლონიების მოსახლეობისგან განსხვავებით, ქალაქის მახლობლად მცხოვრები კ. უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. ისინი თავიანთ პროდუქციას უფრო სწრაფად და მომგებიანად ყიდდნენ. პირველ რიგში რძით და კარაქით ამარაგებდნენ ქალაქს. მათი პროდუქტი რუსულ და ქართულ კარაქთან შედარებით, ყოველთვის ორმაგად ფასობდა. პურსაც გერმანულს ამჯობინებდნენ. კოლონიის მცხოვრებლებს ბოსტნეულიც მოჰყავდათ, უმთავრესად კარტოფილი, რ-საც საკმაოდ ძვირად ყიდდნენ. 1918, გერმ. შეიარაღებული ძალების საქართველოში ყოფნის დროს, კ-ის უფლებები კიდევ უფრო გაიზარდა. 1927 საქართველოში არსებობდა 13 გერმ. კოლონია (მოსახლ. 9253 კაცი): 1. ელიზავეტტალი; 2. ლუქსემბურგი; 3. როზენფელდი; 4. ლიბკნეხსდორფი; 5. როზენბერგი; 6. ვალდჰეიმი; 7. გეორგესტალი; 8. მარკსგეიმი; 9. ანენფელდი; 10. ვიზენდორფი; 11. შტეინფელდი; 12. გოფნუგსტალი; 13. გრიუნტალი. XX ს. 30-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ აღბულახ-მანგლისის, ლუქსემბურგის, ბაშკიჩეთისა და ბორჩალოს რ-ებში 5924 გერმ. ცხოვრობდა, თბილისში კი – 4200.

II მსოფლიო ომის დროს გერმ. კ. სსრკ-ის აღმ. რ-ებში ძალდატანებით გადაასახლეს.

კ-ის კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქრისტ. რელიგიის ზოგიერთი სექტანტური ჯგუფების ჩამოსახლება საქართველოში, კერძოდ კი – დუხობორების, სტაროვერების, მოლოკნებისა და სხვ. დუხობორები ნიკოლოზ I-ის ხელისუფლებამ 1841–44 ჩამოასახლა და საცხოვრებლად ახალციხის მაზრა (შემდგომში – ბოგდანოვკის რ-ნი) მიუჩინა. აქ მათ 8 სოფელი დააარსეს. 1886 ჯავახეთში მცხოვრები დუხობორების რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა. 1897 წ. 1100 დუხობორი კ. კვიპროსზე გადაასახლეს. 1898–99 წლების მიჯნაზე მათი ნაწილი კანადაში გადავიდა. საბჭ. კავშირის დაშლის შემდეგ დუხობორების ძირითადმა ნაწილმა დატოვა საქართველო.

მოლოკნები 1836 თბილისზე მიწერილებად გამოცხადდნენ და დასახლდნენ ქალაქის გარეუბნებში – საბურთალოზე, ჩუღურეთში, კუკიაზე, ავლაბარში, ნავთლუღში, ორხევში. 1859–1907 სიღნაღის რ-ნში ჩამოსახლდა თეოკრატიული თემი. საქართველოდან მოლოკნების წასვლა 1978-იდან დაიწყო. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

სტაროვერების მოძრაობას სათავე დაუდო რუს. პატრიარქ ნიკონის მიერ 1651–60 გატარებულმა რეფორმამ. სტაროვერები ძირითადად დასახლდნენ საქართვ. შავიზღვისპირეთში, სადაც თევზჭერას მისდევდნენ, მოჰყავდათ ბაღჩეულ-ბოსტნეული, რ-თა რეალიზაცია შიგა ბაზარზე ხდებოდა. ისინი საქართველოს მიიჩნევენ ერთადერთ ქვეყნად, სადაც შემორჩენილია ჭეშმარიტი რწმენა.

ლიტ.: მანჯგალაძე გ., გერმანელი კოლონისტები საქართველოში, თბ; 1974; სონღულაშვილი ა., გერმანელები საქართველოში, თბ; 1995; მისივე, საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა, თბ; 2018.

ა. სონღულაშვილი