კოლონკელისძენი

კოლონკელისძენი, ფეოდალური საგვარეულო XII ს. II ნახ-ის საქართველოში. ამ გვარიდან ცნობილია ორი პიროვნება: ვარდანი (გიორგი III-ის მეფობაში) და საღირი (თამარის მეფობის დასაწყისში), ორივე – ჰერეთის ერისთავი. ამის შემდეგ ჰერეთის ერისთავები გრიგოლისძენი იყვნენ. შესაძლებელია კ-თა გვარი სოფ. კოლონკეთის (ვახუშტის მიხედვით მდებარეობდა მდ. მეჯუდის ხეობაში) სახელწოდებიდან მომდინარეობდეს.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: ბახტაძე მ., კახეთ-ჰერეთის ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან (XII–XIII სს.), თბ., 2008; ბოჭორიძე გ., ორი ფიქრალწერილი, „საისტორიო მოამბე“, 1925, წგ. 1.

დ. მუსხელიშვილი