კოლხეთის დაბლობი, რიონი ს დ ა ბ ლ ო ბ ი, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. კოლხეთის ბარის დაბალი ნაწილი. მოიცავს აკუმულაციურ ვაკე-დაბლობსა და მიმდებარე ეროზიულ გორაკ-ბორცვებს. ზ. დ. 200 მ-მდე სიმაღლის სამკუთხედის ფორმის ვაკე-დაბლობია. სიგრძე ‒ 100‒110 კმ (ქ-ებს - ქობულეთსა და ოჩამჩირეს შორის). ფუძით ებჯინება შავ ზღვას, ხოლო წვერი ქ. ზესტაფონთან აქვს. ზღვის სანაპიროდან 110 კმ-ზე, ვიწრო ზოლად ვრცელდება აჭარისა და აფხაზეთის არ-ში.
კ. დ. ტექტონ. თვალსაზრისით დაძირვის ზონაა. მისი ზედაპირი წარმოქმნილია უარყოფითი ვერტ. მოძრაობების ფონზე განვითარებული მდინარეული და პროლუვიურ-ჭაობიანი ნალექების აკუმულაციის შედეგად. აგებულია რიყის ქვებით, ქვიშებით, თიხებით, ტორფით, საპროპელური ლამიანი თიხაქვიშებით.
კ. დ-ის ზედაპირი (მისი ღერძული ზოლის გასწვრივ), რ-იც რიონისა და ყვირილის ხეობების ძირის თანხვედრილია, ძირითადად ბრტყელია, უმნიშვნელოდ დანაწევრებული მდინარეთა მცირე სიღრმის კალაპოტებით და შეუმჩნევლადაა დახრილი შავი ზღვისკენ, ღერძული ზოლიდან ჩრდ.-აღმ. და სამხრ. მიმართულებით კი მაღლდება. მისი ზედაპირი შესამჩნევადაა დანაწევრებული მდინარეების 4–6 მ სიღრმის კალაპოტებით.
კ. დ-ის ზედაპირი ქ. სენაკის მერიდიანის დას-ით თითქმის იდეალურად ბრტყელია და მისი ზღვისპირა ზოლის (მდ. ენგურის შესართავსა და ქობულეთს შორის), ნაწილი დაჭაობებული ტყით, მდელო-ბუჩქნარებით და ღია ტორფიანი ჭაობებით არის დაფარული. ტორფიან ჭაობებში (თიკორი, ჭურია, ნაბადა, იმნათი, მალთაყვა, ისპანი) ტორფის ჰორიზონტების სისქე 4–12 მ საზღვრებში ცვალებადობს, მისი შუა და ქვედა ნაწილები ზღვის დ ონეზე დაბლაა დაძირული.
კ. დ-ის ჰავა ზღვიური, ნოტიო სუბტროპიკულია. საშ. წლ. ტემპ-რაა 14‒14,4 °C, იანვ. საშ. ტემპ-რა 3,5–,5‒6,5 °C-მდეა, აგვ. 23‒24 °C; აბსოლ. მაქს. 41‒42 °C, აბსოლ. მინ. 8‒10 °C-ის საზღვრებში ცვალებადობს. იცის აღმ. და დას. ქარები. დამახასიათებელია ფიონები და ბრიზები, მდ. რიონის ხეობის გასწვრივ იცის ძლიერი ქარი, რ-ის სიჩქარე ზოგჯერ წამში 35‒40 მ აღწევს. აჭარის სანაპიროზე წელიწადში 2500 მმ ნალექი მოდის, აღმ-კენ ნალექები მცირდება 1200 მმ-მდე.
კ. დ-ის მთავარი მდინარეა რიონი (შენაკადები ‒ ყვირილა, ხანისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური). მას განეკუთვნება მდინარეების ‒ ენგურის, ხობის, კოდორის, სუფსისა და ნატანების ქვემო დინებები. მდინარეები საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე.
გავრცელებულია სუბტროპ. ეწერი, ალუვიური, ჭაობისა და ტორფიან-ჭაობიანი, ხოლო გორაკ-ბორცვებზე ‒ წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები. დაბლობის ზღვისპირა ნაწილში ჭაობიანი ტყეებია, ჭარბობს მურყანი და ტირიფი. ნაკლებად დაჭაობებულ ადგილებში შემორჩენილია კოლხური ტყე (მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, ლაფანი და სხვ.) მარადმწვანე ქვეტყით. ტყეებში ბინადრობს კურდღელი, მელა, მგელი, კვერნა, იშვიათად ‒ შველი. მრავლადაა ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველი (გარეული ბატი, გარეული იხვი, ტყის ქათამი და სხვ).
კ. დ-ის მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული და შესაბამისად ათვისებულია მეურნეობისათვის, აგრეთვე გამოირჩევა კულტ. ლანდშაფტის უპირატესი განვითარებით.
იხ. აგრეთვე სტ. „კოლხეთის ეროვნული პარკი.“
ლიტ.: მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 2 , თბ., 1969–70; საქართველოს გეოგრაფია, ნაწ. I, თბ., 2000; ჯანელიძე ზ., საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონა (რეტროსპექტრულ-პროგნოზული ანალიზი), თბ., 2015.
გ. დევდარიანი
ზ. ჯანელიძე