დრილები

დრილები, ძველი დასავლური ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომი. არიანე (ახ. წ. II ს.) და V ს. ანონიმი მწერალი მიუთითებენ, რომ დ. იგივე სანები არიან; პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით, დ-ს მის დროს ჭანები ეწოდებოდათ. ცხოვრობდნენ სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდ. ხარშუტის ხეობაში. დ. ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. განვითარებული იყო სამშ. საქმეც. ძვ. წ. 401 მათ ქვეყანაში ილაშქრა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა, რ-იც დ-ს ახასიათებს, როგორც ყველაზე მამაც და მეომარ ხალხს პონტოსპირელებს შორის. ბინადრობდნენ მთიან, გამაგრებულ და მიუვალ ადგილებში. მათ ქვეყნის დედაქალაქი ისე ძლიერ ჰქონდათ გამაგრებული, რომ ბერძენთა მრავალნაცადმა ლაშქარმა მისი აღება ვერ შეძლო.

წყარო და ლიტ.: მიქელაძე თ., ქსენოფონტის „ანაბასისი" (ცნობები ქართველი ტომების შესახებ), თბ., 1967; М а к с и м о в а М. И., Античные города Юго-восточного Причерноморья, М.–Л., 1956; მ ი ს ი ვ ე, Местное население Юго-восточного Причерноморья по "Анабасису“ Ксенофонта: дрилы и моссиники, «Вестник древней истории», 1951, №1.

თ. მიქელაძე