კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა

კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, კოლხეთის აკადემია, არსებობდა III–IV სს-ში ფაზისის (ახლანდ. ფოთის) მახლობლად და წარმოადგენდა ბერძნული სტილის უმაღლესი საფეხურის საგანმანათლებლო სასწავლებელს. მის შესახებ ერთადერთი პირდაპირი ცნობა გვხვდება პროპედევტიკულ ტექსტში, რ-იც ეკუთვნის ბერძენ ფილოსოფოს თემისტიოსს. იგი სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდას რჩევა-დარიგებას აძლევს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მიიღოს მან კარგი ფილოსოფიური და ორატორული განათლება. ახალგაზრდის მოსაზრებას, რომ მას განათლების მიღება არა პროვინციაში, არამედ რომელიმე ცნობილ ქალაქში სურს, თემისტიოსი საკუთარი გამოცდილებით პასუხობს. მისი აზრით, კარგი ცოდნის მისაღებად განთქმული ქალაქები და ადგილები არ არის აუცილებელი, რადგან ცოდნის წყარო მხოლოდ დიდი მეცნიერები და მოძღვრები არიან. თემისტიოსი იმასაც აღნიშნავს, რომ კ. უ. რ. ს-ში მეზობელ ბარბაროსთა წესების მიხედვით ისრის ან ოროლის სროლა ან ჯირითი კი არ ისწავლებოდა, არამედ ამ სკოლის აღსაზრდელები რიტორიკულ ხელოვნებაში იწრთობოდნენ და ელინთა დღეობებზე ბრწყინავდნენ. აქედან გამომდინარე, თემისტიოსი ახალგაზრდა კაცს ურჩევს, რომ მჭევრმეტყველების ხელოვნებას ათენში კი არ დაეუფლოს, არამედ ნაკლებად ცნობილ ადგილას, ფაზისის მახლობლად, კერძოდ, პონტოში. თვითონ თემისტიოსიც ორატორულ ხელოვნებას სწორედ აქ დაუფლებია. მის რჩევას ღრმა საფუძველი ჰქონდა, რადგან ამ ცენტრში შეისწავლა მჭევრმეტყველების ხელოვნება არა მარტო მან, არამედ მამამისმა, ფილოსოფოსმა ევგენიოსმაც. ფილოსოფიის ისტორიაში იგი არისტოტელეს მიმდევრად არის ცნობილი. თემისტიოსის ცნობებიდან ნათელი ხდება, რომ აქ საუბარია იმდროინდელი კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილოს. ცენტრზე, რ-იც ბერძნული საგანმან. კულტურის ზეგავლენის კვალს ატარებდა. სავარაუდოდ, ამ სკოლაში საგნების სწავლება ბერძნული აკადემიებისათვის დამახასიათებელი სასწავლო გეგმებითა და მეთოდოლოგიით მიმდინარეობდა. ამ ცნობას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ის ბერძნ. ენასა და კლასიკურ ბერძნ. ლიტ-რაში კ. უ. რ. ს-ის აღსაზრდელების საფუძვლიან განსწავლულობაზე მიუთითებს, ხოლო რიტორიკულ სასწავლებელში ბერძნ. ენის მცოდნე ახალგაზრდების მიღება სავარაუდოდ, მოსამზადებელი სკოლის არსებობაზეც მიანიშნებს; თემისტიოსის ცნობიდან ისიც ჩანს, რომ კ. უ. რ. ს. თავისი შინაარსითა და მიზანმიმართულებით ძვ. ბერძნ. და რომაული რიტორიკული სკოლებისაგან ბევრად არ განსხვავდებოდა და ცოდნის იმ მინიმუმის დაუფლებას მ ოითხოვდა, რაც ორატორისათვის ციცერონისა და კვინტილიანეს შეხედულებებით იყო გათვალისწინებული. რომაელი რიტორიკული სასწავლებლების მსგავსად კ. უ. რ. ს-ში უთუოდ ასწავლიდნენ ლიტ-რას, ასტრონომიას, მუსიკას, მათ. ელემენტებს, ძირითადად კი – ფილოს. და სამართ. საფუძვლებს. რიტორიკულ ხელოვნებას იმჟამინდელ საქართველოში ფართოდ იყენებდნენ. აგათია სქოლასტიკოსის (536‒82) საისტ. თხზულებაში დაცულია ცნობა ქართვ. პოლიტ. მოღვაწეების (აიეტი, ფარტაზი და სხვ.) ბრწყინვალე ორატორული გამოსვლების შესახებ. ცხადია, ეს ც ოდნა მათ თანმიმდევრული და საფუძვლიანი სწავლით უნდა მიეღოთ.

სავარაუდოდ, ათენში პლატონური აკადემიის დახურვის შემდეგ (529) კოლხეთის სკოლამ არსებობა შეწყვიტა. კოლხეთის აკადემია საქართველოში ფილოს. კულტურის დამადასტურებელი პირველი ცენტრი იყო. ამ დიდი ტრადიციის გამგრძელებელია ქ. ფოთში, საქართველოს უნ-ტის ფარგლებში, 2014 დაარსებული კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნ.-კვლ. არქივი, რ-ის ერთ-ერთი ფუნქციაა კავკასიის რეგიონში არსებული უძველესი ფილოს. ტრადიციების ამსახველი დოკუმენტების შეგროვება, შესწავლა და ანალიზი.

წყარო: [თემისტიოსი], წგ.: გეორგიკა, ალ. გამყრელიძისა და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.

ლიტ.: გამსახურდია ს., სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, თბ., 1975; თევზაძე გ., ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995; ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ., 1, თბ., 1956; ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1988.

თ. ირემაძე