კოლხიდელი (ნაჭყებია) ქეთევან ვარლამის ასული

ქ. კოლხიდელი 
ქ. კ ო ლ ხ ი დ ე ლ ი. კატუშას როლში. დ. ტურაშვილის "ერთ
მშვენიერ დღეს".

კოლხიდელი (ნაჭყებია) ქეთევან ვარლამის ასული (27. I. 1921, ფოთი, – 22. I. 2008, ქუთაისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1960). 1936–37 სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1937–52 იყო ფოთისა და მარჯანიშვილის თეატრის, ხოლო 1952–იდან ქუთაისის თეატრის მსახიობი. მისი დებიუტი შედგა ფოთის თეატრში, პიესაში შ. დადიანის „შოთა რუსთაველი“, სადაც შეასრულა თამარ მეფის როლი. სხვადასხვა დროს შესრულებული როლებია: ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), მარინე (ვ. გუნიას „და-ძმა“), საპატარძლო (ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი’’), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“), ელისაბედ დედოფალი (უ. შექსპირის „რიჩარდ III“), მზევინარი, ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), თინა (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ჩიტუნია (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ზეფორე (პ. კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“), ესმა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „საბუდარელი ჭაბუკი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1957), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (რეჟ. დ. რონდელი, 1965), „ჯერ შეიცადეთ...“ (რეჟ. პ. მილორავა, 2003), „37 გრადუსი ცელსიუსით“ (რეჟ. თ. სულამანიძე, 2005).

კ. იყო ფართო დიაპაზონის მსახიობი. ასრულებდა როგორც ლირ.-დრამ., ასევე ტრაგიკულ და სახასიათო როლებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). ქუთაისის საპატიო მოქალაქე (1996).