კოლხური ბრამეა

კოლხური ბრამეა

კოლხური ბრამეა, ლედერე რისბრამეა (Brahmaea ledereri, Regenhofer, 1873), პეპელა დატალღური ფარშევანგთვალების (Brahmaedidae) ოჯახიდან. მესამეული პერიოდის ძლიერ იშვიათი რელიქტი, კოლხეთის ენდემი. შეტანილია saqarTv. „წითელ ნუსხაში“. კავკასიის ტერიტორიაზე ბინადრობს ამ მცირერიცხოვანი ტროპიკული გვარის მხოლოდ 2 სახეობა, რ-თაგან ერთ-ერთია კ. ბ. იგი დიდი და მსხვილი პეპელაა. ფრთების კუთხეები მომრგვალებული აქვს, წინა ფრთის სიგრძე – 47–53 მმ, ფრთების შლილი - 95–107 მმ. პეპლის მთლიანი ფონი მურა ყავისფერია. ხორციანი სხეული და ფრთების ძირები დაფარულია ხშირი ბუსუსებით. წინა ფრთების შუა, გარდიგარდმო გადაჭიმული არათანაბარი თასმა და ფრთების ფუძეები მოუხატავია. ფრთის დანარჩენი ნაწილი მოხატულია ფაქიზი, პარალელურად განლაგებული, ტალღისებური, მოთეთრო-მოვარდისფრო და ჩალისფერი ზოლებით. სახეობა გავრცელებულია დას. საქართველოში – კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღწერილია თურქეთის შავიზღვისპირა (ლაზეთი) რეგიონში; ბინადრობდა კოლხურ ტყეში. დამახასიათებელი ეკოლოგიური ნიშა იყო ტენიანი, ძველი, დაბურული მთისწინეთების ტყის ვიწრო ხეობები და ღელეები, სადაც იზრდება მურყანი, თხილი, წაბლი, წყავმაზა და ა.შ. პეპლის ბოლო ეგზემპლარი 100 წლის წინ მოიპოვეს. ბინადრობს თუ არა კვლავ ეს სახეობა კოლხურ ტყეში, უცნობია. პეპლები ფრენენ აპრილში, ღამით. დღისით სხედან ხის ღეროზე ან ტოტებზე. მატლი, ისევე, როგორც პეპელა, მსხვილი და ორიგინალურია. ძირითადი საკვები მცენარეა წყავმაზა (Phyllirea vilmoriniana), რ-იც გავრცელებულია ლაზეთში, აჭარასა და გურიაში. შეიძლება შეგვხვდეს ზეთისხეთა ოჯახის ან სხვა მერქნიან მცენარეებზე. ჭუპრი გვხვდება ხემცენარეთა ქერქის ნაპრალებში თხელ მურა-ყავისფერ პარკში. სახეობა უძველესი ფაუნის ტროპიკული წარმოშობისაა, რის გამოც ხასიათდება ბიოლოგიისა და ფიზიოლოგიის ზოგი თავისებურებით. სახელდობრ, მთელი წლის განმავლობაში საჭიროებს თბილ და ტენიან კლიმატს, განსაკუთრებით კი ზამთარში; ამასთან ერთად, ლოკალურმა გავრცელებამ და ტიპური ბიოტოპის სას.-სამ. მიზნებისთვის გამოყენებამ (კოლხური ტყეების გაჩეხვა, ჭაობების ამოშრობა, სუბტროპიკული მცენარეების განაშენიანება) კატასტროფულად შეამცირა და განადგურების ზღვარზე მიიყვანა (ან გაანადგურა) ისედაც ერთეული და უძველესი პოპულაციები. მასთან გენეტიკურად ახლოს მდგომი ხრისტოფის ბრამეას (B. christophi Stgr.) მცირე, მაგრამ სტაბილური პოპულაციები დღესაც ბინადრობს თალიშში (აზერბაიჯანი). 1976 წლიდან სახეობა შეტანილია saqarTv. ტერიტორიაზე დასაცავი მწერების სიაში.

ლიტ.: დიდმანიძე ე., საქართველოს პეპლები. ენდემური, რელიქტური და იშვიათი სახეობები (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2005; Батиашвили И. Д., Д и д м а н и д з е Э. А., Об охране насекомых,. Ер., 1976; G e g e c h k o r i A., D i d m a n i d z e Е., Has ever Brahmea Ledereri Rogenhofer,1873, inhabited the Colchis Refugium, American Journal of Enviromental Protection, 2015.

ე. დიდმანიძე