კოლხური კვირჩხლა

კოლხური კვირჩხლა

კოლხური კვირჩხლა (Phoxinus colchicus Merg, 1910), თევზი. მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს (Cyprinidae, Fleming, 1822), კვირჩხლების გვარს (Phoxinus Rafinesque, 1820). მაქსიმალური სიგრძე – 8,2 სმ. მტკნარი, თხელწყლიანი ადგილების ბინადარია, მრავლდება აპრილ-ივლისში, ნაყოფიერება 200–900 ქვირითია. იკვებება ბენთოსით, პლაქტონით, ნაწილობრივ – წყალმცენარეებით.

საქართველოში გვხვდება მდინარეების – ჭოროხის (ქვემო დინება), ჩელთას, ყორულას, ჩაქვისწყლის, კინტრიშის, სუფსის, ბახვისწყლის, კოდორის, შავწყალასა და ფსოუს ნაპირებზე. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ნოვოროსიისკიდან მდ. ჭოროხამდე. კავკასიის ენდემია. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).

ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013.

ნ. ნინუა