კოლხური კულტურა

კოლხური კულტურა, გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. – ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) არქეოლოგიური კულტურა. გავრცელებულია ძვ. კოლხებისა და სხვა დას. და სამხრ.-დას. ქართული ტომების (სასპერები, ტიბარენები, მაკრონები, მოსხები, მოსინიკები და სხვ.) მიწა-წყალზე (დას. საქართვ., მტკვრისა და ჭოროხის წყალგამყოფი მთიანეთი, სამხრ.-აღმ. შავი ზღვისპირეთი ქ. ორდუმდე). უმთავრესად ცნობილია მაღალგანვითარებული ბრინჯაოს წარმოებით და მხატვრული ხელოსნობით. აღმოჩენილია სპილენძ-ბრინჯაოს ნაკეთობათა მრავალრიცხოვანი (ე. წ. მდნობელთა და ლითონის ნივთებით მოვაჭრეთა) განძი, სამარხეული ინვენტარი და მრავალი შემთხვევითი მონაპოვარი. სამაროვნები შესწავლილია აფხ. სანაპიროზე: ეშერის, კიურდერეს, პრიმორსკოეს ქვევრსამარხ-ოსუარიუმები, მუგუძირხვის და ყულანურხვის ორმოსამარხები (მ. თრაფში), სოხუმის მთის კომპლექსები (ა. კალანდაძე), რაჭაში – ბრილის ორმოსამარხები, ქვაყუთები და თავისებური კრემაციული კოლექტ. სამარხები (გ. გობეჯიშვილი); კოლხეთის დაბლობზე (პალურის, მუხურჩის, ნიგვზიანის, გორაძირის) – კოლექტ. სამაროვნები მეორეული დაკრძალვით (ან კრემაციით) და სხვ. კოლექტ. სამარხები განეკუთვნება კ. კ-ის ბოლო საფეხურს (ძვ. წ. VIII–VI სს.). მათში კოლხური ბრინჯაოს გვერდით მრავლადაა იმპორტული ნივთები, რაც კოლხეთის ფართო მასშტაბიან საგარეო ვაჭრობაზე მიუთითებს. ამ დროს საგრძნობლად მატულობს რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღის დამზადება. კოლხეთში გვიანობამდე რკინასთან ერთად ბრინჯაოს არსებობა აიხსნება ბრინჯაოს ინდუსტრიის ღრმა ტრადიციებითა და ფერად ლითონთა მდიდარი საბადოების სიმრავლით. სპილენძის მადნის ძვ. გამონამუშევრები შესწავლილია რაჭაში (გ. გობეჯიშვილი), მიკვლეულია აფხაზეთში, სვანეთში, აჭარაში. სამოსახლო ბორცვები და ნასოფლარები ცნობილია კოლხეთის დაბლობზე – დიხაგუძუბა (ა. ჭანტურია, ნ. ხოშტარია), ნაოხვამუ (გ. ნიორაძე), დაბლაგომი (ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია); ნოსირი (დ. ქორიძე), ჭალადიდი, მუხურჩა, ნამჭედური და სხვ. მათი ზოგიერთი ფენა კ. კ-ის საფეხურს განეკუთვნება, შეიცავს ძელურ და თიხალესულ ნაგებობათა ნაშთებს, კერამიკას, ქვისა და ძვლის სამეურნეო იარაღსა და ხელსაწყოს, ცხოველთა ძვლებს და სხვა ნაწარმთა ნარჩენებს. განძებისა და სამარხებისათვის დამახასიათებელი ნივთები ნამოსახლარებში იშვიათია, სამარხებში კი მცირეა ნამოსახლარის ტიპობრივი ჭურჭელი.

კ. კ-თვის დამახასიათებელი კოლხური ცული, თოხები, სეგმენტური იარაღი, წალდები, ნამგლები, მოკლე შუბისპირები, ე. წ. ალისებრი და მოგრძო ფოთლისებრი სატევრისპირები, გორდაპირიანი და კოტებიანი ბრტყელი ცულები, მშვილდსაკინძები, აბზინდები, სარტყლები, სამაჯურები, საკისრე, საწვივე და მასიური რგოლები, საკიდები, სიტულის ტიპის ჭურჭელი, სტატუეტები, ჩამოსასხმელი ყალიბები და სხვ. ნაკეთობანი ხშირად შემკულია გრაფ. მოხატულობით, ზოგჯერ კი კოლხების რელიგიურ-იდეოლოგიური წარმოდგენების გამომხატველი სკულპტურული გამოსახულებებით. ნამოსახლარებზე აღმოჩენილია შავი, მონაცრისფრო და მოწითალო თიხის ჭურჭელი. გვიანდ. ხანის ფენებსა და სამარხებში ჩნდება ყურმილიანი ხელადები, მაღალფეხიანი და ვიწროძირიანი სასმისები და სხვ.

კ. კ-ს გენეტიკური კავშირი აქვს წინა და მომდევნო ხანის კულტურებთან, ამიტომ, ფართო გაგებით, იგი მოიცავს უფრო დიდ პერიოდს, ვიდრე მხოლოდ კოლხური ბრინჯაოს აყვავების ხანაა. კულტურის ლოკალურ თავისებურებათა მიხედვით გამოიყოფა მსხვილი მეტალ. ცენტრები: აფხაზეთი, ჭოროხის აუზი, კოლხეთის დაბლობი (რიონის ჩრდ-ით), კოლხეთის ბარის აღმ. (რიონის შუაწელის აუზი) და ყვირილის აუზი. არსებობს უფრო ვიწრო საწარმოო რ-ნებად დაყოფის ცდაც. სამიწათმოქმედო იარაღის სიჭარბე ბარში გამოხატავს ამ რ-ნთა მეურნეობის სპეციფიკას. კოლხური და მისი თანადროული აღმ. ქართ. კულტ. შეხვედრის ოლქებია მესხეთი და შიდა ქართლი, სადაც განძებსა და სამარხებში გვხვდება შერეული კომპლექსები. კოლხური ბრინჯაოს ცალკეული ნიმუშები აღმოჩნდა უფრო შორსაც (აღმ. საქართველო, სომხეთი, ჩრდ. კავკასია, უკრაინა, ცენტრ. ანატოლია). კ. კ-ს უკავშირდება ყობანური კულტურა.

ლიტ.: კალანდაძე ა., სოხუმის მთის არქეოლოგიური ძეგლები, სოხ., 1953; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ო., კოლხური ცული, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე », 1950, ტ. 16 В; Иессен А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, «Известия Гос. академии истории материальной культуры», 1935, в. 120; Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, [ т.] 1–2 Тб., 1949–50; Л у к и н А. Л., Материалы по археологии Бзыбской Абхазии. «Труды отдела истории первобытной культуры Гос. Эрмитажа», 1941, т. 1; Техов Б. В., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии,Тб., 1971; Траnш М. М., Памятники колхидской и скифской культур в селе Куланурхва Абхазской АССР, Сух., 1962.

ვ. გოგაძე