კონსტანტინე II, მაჰმადიანური სახელი მაჰმადყული-ხანი (გ. 28. XII. 1732), კახეთის მეფე 1722– 32, ერეკლე I-ის ძე, თეიმურაზ II-ის ძმა. დაიბადა და აღიზარდა ისპაანში. მეფობა მიიღო ძმის, დავით II-ის (იმამ ყული-ხანი) გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰისგან, რ-მაც კახეთის გარდა სამართავად გადასცა ერევანი, შამშადილი და ყაზახი (შემდეგში ერევნის ნაცვლად ებოძა განჯისა და ყარაბაღის გამგებლობა). 1722- იდან კ. II-სა და ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს შორის მტრული ურთიერთობა იყო: ორივე არბევდა და ძარცვავდა ერთმანეთის სამფლობელოებს. 1723, შაჰის მიერ ვახტანგ VI-ის გადაყენების შემდეგ, ქართლი კ. II-ს ებოძა. იგი თავდაპირველად ქართლისათვის ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ლეკების დახმარებით 1723 წ. 4 მაისს თბილისი აიღო. ვახტანგ VI, მისი ძე ბაქარი და მათი მომხრეები შიდა ქართლში გამაგრდნენ. ამ დროს ირან-ოსმალეთს შორის ომი (1723–27) მიმდინარეობდა და ოსმალთა ლაშქარი არზრუმის ფაშა იბრაჰიმის სარდლობით თბილისისაკენ მოიწევდა. ვახტანგ VI-მ მას დამორჩილების ნიშნად ბაქარი და იესე მიაგება. შემდეგ კ. II სოღანლუღში მიეგება ოსმალთა სარდალს და ქართლის მეფობის შენარჩუნება სთხოვა, ჩააბარა თბილ. ციხის გასაღები, ერთგულებას შეჰპირდა და ერევნისა და განჯის დამორჩილება აღუთქვა. 1723 წ. 12 ივნ. ოსმალები თბილისში შევიდნენ. ვახტანგ VI-მ შეძლო ფაშის მოქრთამვა, რის შედეგადაც ქართლის გამგებლობა ოსმალებმა ბაქარს გადასცეს, ხოლო კ. II დააპატიმრეს. მალე ბაქარის ფარული ხელშეწყობით კ. II კახეთში გაიქცა, შემდეგ ბაქარიც განუდგა დამპყრობლებს, ამიტომ ოსმალებმა თბილ. გამგებლობა იესეს გადასცეს. კ. II-მ და ბაქარმა მცხეთაში კავშირი შეკრეს ოსმალთა წინააღმდეგ. კ. II-ს რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდა. იგი პეტრე I-ს სთხოვდა ქართლ-კახეთის მიღებას რუს. მფარველობაში, მაგრამ რუსეთი ოსმალეთთან ზავის დარღვევას ერიდებოდა. ვახტანგ VI-ისა და ბაქარის რუსეთში წასვლის (1724 წ. 15 ივლ.) შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა კ. II. იგი არაგვის ხეობაში გამაგრდა, კავშირი დაამყარა ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ ერევნის, განჯის, შამშადილის მოსახლეობასთან, მაგრამ საქართველოსა და სამხრ. აზერბ. ძალების ერთდროულად გამოსვლა ვერ მოხერხდა. მტერმა თავდაპირველად ამ განმათავისუფლებელი მოძრაობის სამხრ. აზერბ. დაჯგუფება გაანადგურა, შემდეგ კი, 1724 სექტ. – კ. II-ის მომხრეები ატენის ხეობაში, გუფთასთან და საარწივედ წოდებულ ქედთან მომხდარ ბრძოლაში. კ. II ქსნის ერისთავს შეეხიზნა, შემდეგ მთელი წელი ფშავში გაატარა, რადგან კახეთში ლეკები დათარეშობდნენ. 1725 კახეთის მოსახლეობამ ლეკები განდევნა და ფშავში გახიზნული კ. II თელავში მიიწვია. ის შეეცადა ოსმალების წინააღმდეგ ლეკების გამოყენებას, გაურიგდა კიდეც მათ იმ პირობით, რომ ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საძარცვავად კახეთის გავლით მისცემდა გზას. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კ. II იძულებული გახდა დაზავებოდა ოსმალებს: კახეთმა ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა იკისრა, თუმცა არცერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ნადირმა (შემდგომში ნადირ-შაჰი), ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში (1730–32) წარმატებას მიაღწია, სამხრ. კავკასიაში განმათ. მოძრაობის ახალმა ტალღამ იფეთქა. კ. II ოსმალეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშა უსუფმა (თბილისის ფაშა ისაყის შვილი) კ. II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა ვერაგულად მოკლა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ეს მოხდა 1729.
წყარო: გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, ც. აბულაძის გამოც., თბ., 1975; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჩხეიძე ს., ცხოვრება მეფეთა, იქვე, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854; საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII–XIX სს. თბ., 1980; ტლაშაძე ი., ბაქარიანი, თბ., 1962;
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; პაიჭაძე გ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XVIII ს. I მეოთხედი), თბ., 1960; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
ვ. გუჩუა