კონსტანტინე II, ლიხთიმერეთის მეფე

კონსტანტინე II, ლიხთიმერეთის მეფე 1396–1401, ბაგრატ ერისთავის (დავით ნარინის შთამომავალი) ვაჟი. მის შესახებ მასალები შეკრებილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.). ძმების, ლიხთიმერეთის მეფეების ალექსანდრესა და გიორგის მმართველობის დროს. კონსტანტინეს საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი. 1392 ვამეყ დადიანთან ბრძოლისას მოკლეს ლიხთიმერეთის გამგებელი გიორგი ბაგრატის ძე. ამით ისარგებლა საქართველოს მეფე გიორგი VII-მ და დას. საქართველო კვლავ შემოიერთა. გარდაცვლილი გიორგის ძმა კონსტანტინე და ძმისწული დიმიტრი ალექსანდრეს ძე ბასიანში გაიქცნენ და იქ ოთხი წელი გაატარეს. თემურლენგთან ბრძოლებში დასუსტებული საქართველოს ცენტრ. ხელისუფლება ვერ ახერხებდა დას. საქართველოს სრულფასოვან კონტროლს, რითაც ისარგებლეს ადგილობრივმა ერისთავებმა – 1396 ბასიანიდან კონსტანტინე ბაგრატის ძე მოიწვიეს და ლიხთიმერეთის მეფედ აკურთხეს. კ. II-მ იმერეთის ციხეების დაკავება დაიწყო, იმავდროულად ცდილობდა „შეერთებასა თვისად დადიან-გურიელისასა და სუანთასა“. კ. II-მ საბოლოოდ ვერ მოახერხა ამ ერთობის მიღწევა. ვახუშტის მიხედვით, იგი 1401 გარდაიცვალა. გიორგი VII-მ, მამია დადიანის დახმარებით იმერეთი კვლავ დაიმორჩილა, ბაგრატ ერისთავის შთამომავლებიდან დარჩენილი დიმიტრი ალექსანდრეს ძე დაატყვევა და ქართლში გადაიყვანა.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.

ჯ. სამუშია