კონსტანტინე XI პალეოლოგოსი (დრაგაში) (8. II. 1405, კონსტანტინოპოლი, – 29. V. 1453, იქვე), ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი (1449–53). მისი მმართველობის დროს ქვეყანა განიცდიდა ეკონ. და პოლიტ. კრიზისს. ამას დაემატა თურქების აგრესია. მან დახმარებისათვის რამდენჯერმე მიმართა რომის პაპსა და დასავლეთის სახელმწიფოებს, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ბიზანტიური წყარო მოწმობს, საქართვ. მეფის, გიორგი VIII-ის ერთ-ერთი ქალიშვილი დანიშნული ყოფილა კ. XI-ზე. ამ მისიის შესასრულებლად საქართველოში 1451 ოქტომბერში ჩამოვიდა იმპერატორის პირველი მდივანი გიორგი ფრანძესი, მაგრამ ქორწინება არ შედგა, რადგანაც კ. XI დაიღუპა ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების დროს.
წყარო: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970.
ლიტ.: მეტრეველი რ., ქართული დიპლომატიის ისტორია, თბ., 2003; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3., თბ., 1979; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 1997; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 4, თბ, 1996.